Accessibility links

site logo site logo

ენმ-ის გორის ოფისზე თავდამსხმელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ


გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 4 პირს.

ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა 4-მა პირმა შეუწყნარებლობის მოტივით დააზიანა ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა ოფისის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად გაავრცელა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აზიანებს რამდენიმე პირი პარტიის ოფისს. შსს-მ 2 პირი ინციდენტიდან რამდენიმე საათში, კიდევ ორი კი მეორე დღეს დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG