ავტორი: კოკი იონათამიშვილი
4 მარტს ევროპის ერთიანმა მარეგულირებელმა ორგანომ - ევროპის მედიკამენტების სააგენტომ რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V-ის” ექსპერტიზა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინამ შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვებისათვის აუცილებელი სერტიფიცირება მიიღოს. თავად რუსეთში “სპუტნიკისადმი” ნდობა დაბალია - ლევადა-ცენტრის კვლევის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის თითქმის 60% არ აპირებს ვაქცინირებას, ხოლო ვაქცინირების მომხრეთა უმეტესობა პუტინის მხარდამჭერია. 4 მარტის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია ვაქცინირებული (მაგალითისთვის, პოლონეთსა და რუსეთში დაახლოებით ერთიდაიმავე რაოდენობის ადამიანია ვაქცინირებული სრულად, მოსახლეობა კი რუსეთში ოთხჯერ მეტია). “სპუტნიკმა” უკვე მიიღო მსოფლიოს 45 ქვეყანაში სერტიფიცირება. მათ დიდ ნაწილში აცრებიც დაწყებულია. რუსეთი ევროკავშირს ჰპირდება, რომ ზაფხულის დასაწყისში ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიაწვდის. სწორედ ამ უცნაური მოცემულობის გამო ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიანმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ახსნას, თუ რატომ არ ატარებს მასშტაბურად საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციას, როდესაც სხვა ქვეყნებს ინტენსიურად ამარაგებს. თუმცა ევროკავშირში ყველა ასე არ ფიქრობს. უფრო მეტიც, ევროკავშირის ქვეყნებმა უნგრეთმა და ახლა უკვე სლოვაკეთმაც, ვაქცინების დეფიციტზე აპელირებით “სპუტნიკს” სერტიფიცირება დამოუკიდებლად მიანიჭეს. რუსული ვაქცინის საერთაშორისო მარეგულირებლების მხრიდან მხარდაჭერას ასევე მიესალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე, რომელსაც 1 კვირის წინ სწორედ რუსული ვაქცინის საქართველოში მიუღებლობაზე დავუსვი კითხვა.
ბუნებრივი აირის მაგისტრალი რუსეთიდან გერმანიაში “ჩრდილოეთის ნაკადი 2” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა დასავლეთისთვის, იგი მნიშვნელოვან დაპირისპირებას ქმნის ევროკავშირის შიგნით და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპაში. გარდა პირდაპირი ფინანსური სარგებელისა, რუსეთი იყენებს მას გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვისაც. ჩემის აზრით ანალოგიურ დატვირთვას იძენს ვაქცინა “სპუტნიკიც” და ამიტომაც, “ჩრდილოეთის ნაკადი 3-ს” ვუწოდებ. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე ამ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანა არ მიიღებს რუსულ ვაქცინას, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მხარდაჭერის შემთხვევაშიც და გამოიყენებს მხოლოდ ისეთ ვაქცინას რომელიც ტრანსატლანტიკური ალიანსის ქვეყნის მიერ იქნება წარმოებული. იგი დასძენს, რომ პუტინი “სპუტნიკს” სთავაზობს მსოფლიოს, როგორც მორიგ ჰიბრიდულ იარაღს, რათა მან კვლავ დაყოს და იბატონოს.
საქართველოს არ ჰყავს ისეთი მეზობელი, როგორც მოლდოვას რუმინეთი, რომელმაც ვაქცინების პირველი პარტია უკვე მიაწოდა პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ გვყავს მტკიცე პარტნიორები “სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნები” პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და დარწმუნებული ვარ რომ, ეფექტური კომუნიკაციის პირობებში ისინი აუცილებლად დააყენებდნენ საქართველოს ვაქცინით მომარაგების საკითხს მკაფიოდ, თუნდაც ისე როგორც ეს პოლონეთმა გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად.
ჩვენი მეზობლები თურქეთი და ირანი რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავენ. ეს კი ნიშნავს, რომ მაგალითად ე.წ. ”კავკასიური პლატფორმის” ფარგლებში, ადრე თუ გვიან, რუსული ვაქცინა შესაძლოა სხვა მეზობელმა შემოგვთავაზოს. თუ გავიხსენებთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის იდუმალებით მოცულ ვიზიტს, რომლის შემდგომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა განცხადებაც კი არ გააკეთეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხზე პირველი მსჯელობა უკვე შედგა.
საქართველოში რამდენიმე დღის წინ მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ საქართველოს დაეხმარება ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. მადლობა მას ამისთვის, ასევე იმ ძალისხმევისთვის რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური ესკალაციის განმუხტვის მიზნით გადადგა. სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის მიერ საქართველოს დატოვებიდან სულ რამდენიმე საათში ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება მოაწყო, ხოლო მთავრობამ აქტივისტები დააკავა და ხისტი განცხადებები გააკეთა. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, შარლ მიშელისთვის უნდა ეჩვენებინათ ერთადერთი რამ, რომ ისინი ევროპელები არიან. მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ასეთები უბრალოდ არ არიან. ასეთი არაკონსოლიდირებული ქმედება და დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა კი ამცირებს შანსებს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა რეალური დახმარება გაგვიწიონ, ამ შემთხვევაში ვაქცინით მომარაგების საკითხში.
საქართველოს მმართველმა პარტიამ სრული ფიასკო განიცადა ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს საქართველოს მთავრობა სრულად მიენდო მხოლოდ კოვაქს პლატფორმას - რომელიც საკუთარი გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე დაბალი და საშუალო ქვეყნების მოსახლეობის 27%-ის ვაქცინირებას ისახავს მიზნად. თუმცა ესეც სათუოა, რადგან მსგავსი სირთულის ოპერაცია აქამდე არ განხორციელებულა. მთავრობამ საერთოდ არ იმუშავა ინტენსიურად პარტნიორებთან. შესაძლოა იმიტომ, რომ პარტნიორები დიალოგის დროს მთავრობისთვის რთული პოლიტიკური საკითხებით ინტერესდებიან, რომლებსაც ახლახანს ოპოზიციის ლიდერის დაკავებაც დაემატა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კრიზისის დროს მმართველ გუნდს ყველაზე ეფექტურად კვლავ ოპოზიცია (ოპოზიციის ნაწილი) წამოეხმარა, დაიწყო რა ინტენსიური საუბარი ხელისუფლებისთვის პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესების თაობაზე. ჩემის აზრით კი ეს გამორიცხულია. აშშ ქვეყანას, რომელიც ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში ათასობით ადამიანს აგზავნის, სადაც ქართველი სამხედროები დაღუპულან კიდევაც, სანქციებს არ დაუწესებს. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტიც, რომ სულ რაღაც 1 კვირის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში საქართველოს კვლავ პარტნიორად მოიხსენიებს, ხოლო 4 მარტს აშშ-ს მთავრობის ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე აქვეყნებს ინფორმაციას ქართველ კოლეგასთან პროდუქტიული საუბრის შესახებ. სანქციების არდაწესებას კი მმართველი პარტია წარმოაჩენს პოლიტიკურ წარმატებად მაშინ, როდესაც წარმატება დღეს ნიშნავს დასავლური წარმოების ვაქცინებით ქვეყნის დროულ მომარაგებას, პანდემიის მართვას და ეკონომიკის რეალურ მხარდაჭერას.
დაწერეთ კომენტარი