Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: ეუთო/ODIHR-ის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას


ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ ODIHR-ის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში:

„ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

5 მარტს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ეუთო/ODIHR-ის წინა რეკომენდაციებისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არასათანადო გამოყენება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG