Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერების შინაარსს იუმორის გარეშე ვერ შეხედავს


სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ "TV პირველის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსს იუმორის გარეშე ვერ შეხედავს. ასე გამოეხმაურა ის "იმედის" ეთერში მისი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის შესაძლო საუბარს.

"ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ​უტიფრობის და აბსურდულობის სიღრმე. აბსურდული მცდელობა, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება - ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების", - თქვა ჩუბინიძემ.

"TV პირველის" გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა არ უარყვეს "ქართულ ოცნებაში". პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის 2010-2011 წელს მიყურადების შედეგად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია, რომელიც ასახავს "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას კომუნიკაციას.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG