Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ელჩმა გახსნა კამპანია "ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო"


ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ევოკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნა კამპანია „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, რომლის მიზანია, ხაზი გაუსვას ქალების უმნიშვნელოვანეს როლს და ასევე, წარმოაჩინოს გამოწვევები, რომელთა წინაშე ქალები დგანან დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის თუ COVID-19-ის უარყოფითი შედეგების გამო.

„უკვე ორწელიწად-ნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ელჩი ჰარცელი.

კარლ ჰარცელის თანახმად, ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ, ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ქალი ასრულებს სახლში ბავშვების თუ მოხუცების მოვლისას:

„მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები, საშუალოდ, მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ“.

ელჩის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი: „ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი“.

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ „დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში“.

ევროკავშირის ელჩი ყველას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში, რომელიც სოციალური მედიით გაგრძელდება მთელი მარტის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG