Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე დღეს პარლამენტში ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ


დღეს საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის საკითხზე მოსმენა გაიმართება. საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების წინაშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარსდგებიან. სხდომას დაესწრებიან რიონის ხეობის დამცველი აქტივისტებიც.

საქართველოს პარლამენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოხსენება შეეხება 10135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“. პეტიციის მიხედვით, ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას.

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობის მცველებს 5 მარტს შეხვდნენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 132-ე დღეს მინისტრები თავად მივიდნენ სოფელ ნამოხვანში.

ამ შეხვედრას, რომელსაც თავად ხეობის მცველებმა დაგვიანებული უწოდეს, წინ უსწრებდა ორსაათიანი შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან ისევ ნამახვანჰესის მშენებლობის ამბავზე, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეკრებილების დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში, რომ 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ხეობას საფრთხეს არ უქმნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ნამახვანჰესზე სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა 4 მარტს დაავალა.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" რიონის ხეობა დატოვოს.

XS
SM
MD
LG