Accessibility links

site logo site logo

განაჩენი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს გამოცხადდება


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე დღეს გამოაცხადებს 5 დაკავებულის მიმართ განაჩენს. ფეხბურთელის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, არასრულწლოვნებმა ზ.ხ და ა.ქ.

8 თვიანი სასამართლო პროცესი 2 მარტს დასრულდა.

ბრალდებულების წარმოთქმული ბოლო სიტყვები სასამართლოზე, პროკურორის თქმით, უფრო თავის შეცოდების მცდელობა იყო და არა იმის დასაბუთებული ახსნა, რაც 2020 წლის 19 ივნისს მოხდა.

პროკურორი დავით ყაზარიშვილის თქმით, ბრალდებულებმა იცრუეს სასამართლოზე და მათი სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის ფაქტებთან.

იგი თვლის, რომ საქმეში დევს ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს მისცემს საშუალებას ხუთივე ბრალდებული ჯგუფურად მკვლელობაში სცნოს დამნაშავედ.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 17 წლით პატიმრობას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი წარედგინა 17 ადამიანს, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო, სადაც ბრალი წარედგინათ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG