Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი „ძუნძულით მიცემულ კომენტარებზე“ უარს ამბობს


„ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი გამოეხმაურა 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში სამუშაო პროცესში მედიის წარმომადგენლების გადაცვენას აივნიდან, დაშავებულ ოპერატორებს გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ ამიერიდან უარს ამბობს კომენტარი მისცეს ჟურნალისტებს, თუ მათ უკან-უკან მორბენალი ოპერატორები ახლდება თან.

„მე ამ ოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმეს კი არ ვაწონებ თავს, ეს არის უბედურება, 8 წელი ვუყურებ, როგორ მირბის ოპერატორი ამდენი რამით, რამდენი კილოა ეს თქვენი კამერა ... 16 კილოა? 16 კილო კამერით აიძულებთ ამ ბიჭებს უკან-უკან ირბინონ. ერთხელ ქურთუკშიც წავავლე ხელი, ვერ დაინახა, უკან ჯიხური იყო და კინაღამ მოიტეხა რაღაც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით, მედიასთან კომენტარს გააკეთებს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებით, მოწესრიგებულად.

„ღიად, საჯაროდ გეუბნებით, სირბილით, ძუნძულით, თუ გინდათ იძუნძულეთ, მაგრამ უჩემოდ, არ იქნება არავითარი კომენტარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. ისინი დაშავებულებს შორის არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG