Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის და გამამართლებელ განაჩენს ელის


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არჩილ გაგნიძის და, თინათინ გაგნიძე, თავისი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს მოელის. ეს განცხადება მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ცოტა ხანში მოსამართლემ საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

„თუ გამამტყუნებელი იქნება, ამას ჩვენგანაც სხვანაირად მივხედავთ, როგორც საჭიროა. სამართლებრივად ვიბრძოლებთ, როგორც საჭიროა. რაც შეეხება განაჩენს, მაქვს კარგის მოლოდინი, იმიტომ, რომ უდანაშაულო ბიჭები სხედან და ეს ყველამ კარგად იცით, აქედან გამომდინარე, ველოდები კარგს“, - თქვა თინათინ გაგნიძემ.

სამართლიან განაჩენს ელის და ხუთივე ბრალდებულის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შავლაშვილი.

არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქანაშვილსა და ზ.ხ.-ს ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

ბრალდების მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, აკაკი ქანაშვილმა და ზ.ხ.-მ, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს, ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მდებარე მოაჯირს გადახტომოდა და ქვევით, მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს, სადაც გიორგი ასფიქსიით, ანუ, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა ხუთივე ბრალდებულს გაამტყუნებს. ბრალდების მტკიცებით, საქმეში დევს ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანმა ჯგუფურად მოკლა გიორგი შაქარაშვილი.

მტკიცებულებებზე, ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არ იდო არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დანაშაულს დაამტკიცებდა. ისინი ამბობდნენ, რომ თუკი მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, ეს იქნება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის ვარაუდებსა და „საზოგადოების დაკვეთას“ დაეფუძნებოდა.

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG