Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რაგბის კავშირმა არჩევნების მოწინააღმდეგეებს მოუწოდა თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან


საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტისთვის დანიშნული ყრილობისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაავრცელა განცხადება, რომლითაც არჩევნების მოწინააღმდეგეთა ჯგუფს მოუწოდა დარჩნენ კანონის ჩარჩოში, ხოლო სამართალდამცავებს - ყრილობის მიმდინარეობისას დარბაზსა და შენობის გარეთ წესრიგი დაიცვან.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა! აგრეთვე, მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, „ექსპო ჯორჯიაში“ გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს, მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა”, - წერია რაგბის კავშირის ოფიციალური ვებსაიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ბოლო მცდელობა ორიოდ კვირის წინ ჰქონდათ, როდესაც ყრილობისთვის საჭირო კვორუმის შეკრება ვერ მოხერხდა. ერთადერთი კანდიდატის - ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის - მხარდასაჭერად რეგისტრაცია ორმოცდასამმა ხმის უფლების მქონე დელეგატმა გაიარა, რაც საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლები იყო და, წესდების თანახმად, ყრილობა გადაიდო. განმეორებით კრებაზე კვორუმისთვის საჭირო დელეგატთა რაოდენობა ოცდათვრამეტამდე შემცირდა და ტყემალაძეს გასაპრეზიდენტებლად ნაკლები ხმა სჭირდება.

არჩევნების ჩატარების მოწინააღმდეგეთა აზრით კი, საქართველოს რაგბის კავშირს უკვე ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც 2020 წლის 30 დეკემბერს მოპოვებული გამარჯვება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უსამართლოდ გაუუქმა. აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თავიანთი გამარჯვების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. მათთვის ხვალინდელი ყრილობის კარი დახურული იქნება, ისევე, როგორც მას-მედიისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG