Accessibility links

site logo site logo

ევროპის კავშირის პარლამენტმა იმუნიტეტი გაუუქმა კატალონიელი სეპარატისტების ლიდერს, პუჩდემონს


კარლეს პუჩდემონი

ევროპის პარლამენტმა 9 მარტს კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერს, კარლეს პუჩდემონს და მის ორ კოლეგას იმუნიტეტი გააუქმა, რაც შესაძლებელს ხდის მათი ესპანეთისთვის გადაცემას.

კენჭი ცალ-ცალკე უყარეს პუჩდემონს, ჯანდაცვის ყოფილ რეგიონულ მინისტრს, ტონი კომინს და განათლების ყოფილ რეგიონულ მინისტრს, კლარა პონსატის. პუჩდემონისთვის იმუნიტეტის გაუქმებას მიემხრო 400 კანონმდებელი, 248 იყო წინააღმდეგი, 45-მა თავი შეიკავა.

პუჩდემონი და კომინი ევროპის პარლამენტში აირჩიეს 2019 წელს, ხოლო პონსატი - შარშან.

პარლამენტის მანდატმა მათ მისცა გარანტია, რომ სამართლებრივად ვერ იქნებოდნენ დევნილი, მაგრამ, ესპანეთის იუსტიციის უწყების მოთხოვნით, პარლამენტმა დაიწყო გამოძიება იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.

პუჩდემონი, კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი მეთაური, და კომინი ბელგიაში გაიქცნენ მას მერე, რაც მადრიდის მთავრობამ გააუქმა 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგები, რომელიც უკანონოდ იქნა გამოცხადებული.

პონსატი შოტლანდიაში ცხოვრობს. პუჩდემონის დამცველმა ესპანეთში, გონსალო ბოიემ, განაცხადა, რომ მისი კლიენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში, ლუქსემბურგში.

კატალონიაში 2017 წელს სეპარატისტებმა პუჩდემონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს რეფერენდუმი. 90%-მა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. მადრიდმა არ ცნო რეფერენდუმის შედეგები, პუჩდემონზე ძებნაა გამოცხადებული. ცხრა ადამიანს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG