Accessibility links

site logo site logo

პროკურორი: გამოჩნდა, რომ უტყუარად გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოტანილი განაჩენის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

როგორც პროკურორი აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უშუალოდ ბრალდების ფორმულირება იმ კუთხით, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ მსჯავრდებულები - სამი სრულწლოვანი და ორი არასრულწლოვანი. ბრალმდებელი ამბობს, რომ ხუთივე მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმაში, რომ 2020 წლის 19 ივნისს ხუთივე მათგანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი შაქარაშვილს და შემდეგ მოკვლის მიზნით წყალში გადააგდეს.

რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს, ყაზარაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის.

„იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში, მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. ამავდროულად, რა თქმა უნდა, 100-მდე მოწმე დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი; გამოვიკვლიეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და კიდევ სხვა ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები და სატელეფონო დეტალური ინფორმაციები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული იმ მსჯავრდებულების მიერ, რომელთა მიმართაც დღეს გამოვიდა განაჩენი.

ამ შემთხვევაში მტკიცებულებები არის, როგორც მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იყვნენ, უშუალოდ ხედავდნენ, ისმენდნენ ყველა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის, იმ გარემოებას, როგორ გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს გზა, როგორ მისდევდა ნაწილი მათგანი, შემდეგ უკვე მდინარის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობდა დევნა და ა.შ.“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, პროკურორის განცხადებით, ისინი არასდროს იქნებიან კმაყოფილები.

ხუთივე ბრალდებული დღეს, 9 მარტს, დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ შემდეგი განაჩენი გამოაცხადა:

პატიმრობა მიესაჯათ

  • არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
  • ნიკოლოზ რევაზიშვილს - 16 წელი;
  • ვახტანგ ჩიქოვანს - 16 წელი;
  • 2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.

არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, აკაკი ქანაშვილი და ზ.ხ. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

ბრალდების მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, აკაკი ქანაშვილმა და ზ.ხ.-მ, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს, ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მდებარე მოაჯირს გადახტომოდა და ქვევით, მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს, სადაც გიორგი ასფიქსიით, ანუ, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა ხუთივე ბრალდებულს გაამტყუნებდა. ბრალდების მტკიცებით, საქმეში იდო ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანმა ჯგუფურად მოკლა გიორგი შაქარაშვილი.

მტკიცებულებებზე, ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არ იდო არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დანაშაულს დაამტკიცებდა. ისინი ამბობდნენ, რომ თუკი მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, ეს იქნებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის ვარაუდებსა და „საზოგადოების დაკვეთას“ დაეფუძნებოდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ გამოტანილ განაჩენს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მოხდა ერთგვარი გარიგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG