Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გათავისუფლებულად გამოაცხადა გენშტაბის უფროსი


ონიკ გასპარიანი
ონიკ გასპარიანი

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, დღეიდან, 10 მარტიდან კანონის ძალით ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ფაშინიანის თანახმად, მისი გადაწყვეტილება გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ძალაში შევიდა, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის შესაბამის განკარგულებას და დადგენილ ვადაში არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების კონკრეტული, ბოლო ვადა არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს 25 თებერვალს წარუდგინა განკარგულების პროექტი, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ. სარქისიანმა ფაშინიანის განკარგულება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, ხელი არ მოაწერა და შენიშვნებით დაუბრუნა. 28 თებერვალს პრემიერ-მინისტრის აპარატმა პრეზიდენტს დოკუმენტი ხელმეორედ გაუგზავნა დასაბუთების წერილთან ერთად, თუმცა, სარქისიანმა ხელი არც ამ დოკუმენტს მოაწერა.

ფაშინიანმა გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც გენერალურმა შტაბმა მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გენშტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი. ხაჩატრიანი აკრიტიკებდა ფაშინიანის განცხადებას რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გენერალური შტაბის მოთხოვნას მიესალმა 17 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა", რომელიც ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან დამარცხების გამო და მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

XS
SM
MD
LG