Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გეგმავს კონფერენციის ჩატარებას ავღანეთის საკითხზე


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთის ხელისუფლება 18 მარტს მოსკოვში გეგმავს კონფერენციის ჩატარებას, რომელზეც იმსჯელებენ ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგებაზე იმ ფონზე, როდესაც მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის ჩიხშია შესული.

უცნობია, მიიღებს თუ არა აშშ მონაწილეობას ამ კონფერენციაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 9 მარტს განაცხადა, რომ შიდაავღანური დიალოგის განვითარების მიზნით დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს აშშ-ის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები.

მოსკოვში მიწვეული არიან ასევე დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეები: ყატარისა და ავღანეთის ხელისუფლებები და მოძრაობა თალიბანი.

კონფერენციის მიზანია „ძალადობის დონის შემცირება და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დასრულება, ტერორიზმისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისაგან თავისუფალი, მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და თვითკმარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის ამ ძალისხმევის ფონია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განზრახვა, უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და ძალა შთაბეროს სექტემბრიდან მიმდინარე ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის მოლაპარაკებას ქვეყნიდან 1 მაისისათვის დაგეგმილი ამერიკული სამხედრო ქვეყანაყოფების გასვლის წინ.

ამჟამად ავღანეთში საერთაშორისო კოალიციას სათავეში უდგას აშშ, რომელსაც იქ 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ძირითადად საწვრთნელი და ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.

TOLOnews-ისა და The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტს მისწერა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაიყვანს თუ არა დარჩენილ 2500 სამხედროს 1 მაისამდე, როგორც ეს თალიბანთან მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG