Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციური პარტიები „ტვ პირველის" შესახებ განჩინებას „ავტორიტარიზმის საშიშ ნიშნად" მიიჩნევენ


„ტვ პირველის" შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას აქვეყნებენ.

„ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

პარტიები განჩინებას „ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს გადაწყვეტილებას" უწოდებენ.

„რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოჰგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

„ევროპული საქართველო"

„ლელო"

„თავისუფალი საქართველო"

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა"

„ტრიბუნა"

„სახელმწიფო ხალხისათვის"

„რესპუბლიკური პარტია"

„პროგრესი და თავისუფლება"

სტრატეგია აღმაშენებელი

„გირჩი - მეტი თავისუფლება"

„თავისუფალი დემოკრატები"

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის"

მოძრაობა „დროა"

„გამარჯვებული საქართველო"

„ევროპელი დემოკრატები"

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"

„ლეიბორისტული პარტია"

„ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

„ემსახურე საქართველოს"

ირაკლი ღლონტი

დღეს, 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG