Accessibility links

site logo site logo

ახრა ავიძბას პატიმრობა და „კანონიერი ქურდების“ ომი


5 მარტის ღამეს აფხაზეთში დააკავეს ახრა ავიძბა - აღმოსავლეთ უკრაინის ომის ერთ-ერთი ცნობილი მონაწილე. ის იქ პრორუსულ სეპარატისტულ ძალებთან ერთად იბრძოდა. იყო ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაური. ავიძბასა და ხუთ სხვა პირს, რომლებიც მასთან ერთად აიყვანეს, იარაღის უკანონო შენახვა ბრალდებათ. დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ეჭვობს, რომ დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ.

ჩხრეკისას ამოღებული იარაღი
ჩხრეკისას ამოღებული იარაღი

ერთი შეხედვით, ავიძბას დაკავება უცნაურად გამოიყურება. 2020 წლის იანვარში მასობრივი აქციების შემდეგ აფხაზეთში ხელისუფლება შეიცვალა, რაულ ხაჯიმბას ნაცვლად თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა. ამაში „აფხაზს“ (ეს ავიძბას მეტსახელია) თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ის იყო ორგანიზატორი მიტინგისა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმში გადაიზარდა. ამის შემდეგ ბჟანიამ ავიძბა თავის თანაშემწედ დანიშნა.

ახრა ავიძბას ბიოგრაფია

ახრა ავიძბა 1986 წელს სოჭში დაიბადა და 25 წელი იქ ცხოვრობდა. აფხაზეთში გადასახლდა 2011 წელს, 2014 წელს კი დონბასში წავიდა საბრძოლველად. 2018 წელს ის ისევ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ბრუნდება.

2020 წელს, უკვე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე მყოფი, სოჭიდან მოდიოდა. საგადასახადო ვალების გამო რუს მესაზღვრეებს მისი საზღვარზე გაშვება არ სურდათ. ავიძბამ ჭიშკარი მანქანით გაიტანა და გავიდა, რისთვისაც ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა მოუწია. ორი თვის შემდეგ ის ისევ დააჯარიმეს, ამჯერად საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. ნოემბერში ახრა ავიძბა პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგა.

ქართველი ბლოგერი გიორგი ჯახაია განმარტავს, რომ ავიძბა აფხაზურ მოვლენებში იდეის გამო არ მონაწილეობდა. „რამდენიმე თვით ადრე ბიძაშვილი მოუკლეს და შურისძიება სურდა“, - ამბობს ის. საუბარია ალხაზ ავიძბაზე. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ალხაზ ავიძბა და მასთან ერთად მოკლული ასტამურ შამბა კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ და „კანონიერ ქურდებს“ შორის ძალაუფლების გადანაწილებას შეეწირნენ. ძალაუფლების გადანაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში დედ ხასანი, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი, მოკლეს.

ახრა ავიძბას ბიძაშვილი და „კანონიერი ქურდების“ ომი

აი, როგორ აღწერს ალხაზ ავიძბასა (ხასიკი) და ასტამურ შამბას (ასტიკი) მკვლელობას საიტი ruscrime.ru: „ყოველთვის იყო ვიღაც, ვისაც ხასიკისა და ასტიკის ჩამოშორება სურდა. ისინი ახერხებდნენ წყლიდან მშრალად ამოსულიყვნენ. 2019 წლის 22 ნოემბერს ერთ რესტორანთან, რომელშიც მეგობრები იმყოფებოდნენ, მანქანა გაჩერდა. იქიდან სროლა დაიწყეს. ეს მათი ბოლო საღამო იყო“.

6 წლით ადრე primecrime.ru -მ აღწერა ახრა ავიძბას ბიძაშვილის „კორონაცია“: „ამ დღეებში ქურდების ოჯახი ორი ახალი წევრით შეივსო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს შეკრებაზე, რომელიც წინა კვირას აფხაზეთში ჩატარდა. ჩვენი ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს ელიტაში შესვლის პატივი ერგოთ გუდაუთელებს - ასტამურ შამბასა და ალხაზ ავიძბას. მათი კანდიდატურები შეკრებაზე მყოფმა „კანონიერმა ქურდებმა“ მოიწონეს“.

„აფხაზის“ საქმიანობას თვალყურს ადევნებდა უკრაინელი ჟურნალისტი, ლუგანსკის „რეალნაია გაზეტას“ რედაქტორი ანდრეი დიხტიარენკო.

„მისი ბიძაშვილის მკვლელობა აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა გახდა. ავიძბა მუდამ ამბობდა, რომ მას საბრძოლო გამოცდილება აქვს. აფხაზეთში თავის ირგვლივ პატარა ჯგუფიც ჩამოაყალიბა. შესაძლოა, ის რამეს ელოდა ბიზნესის ან პოლიტიკური კარიერის კუთხით“.

დაკავების დღეს, 4 მარტს, ავიძბამ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ აარსებს პოლიტიკურ მოძრაობას „ახალი ხალხი“. მოძრაობა მოქმედი ხელისუფლების ოპოზიცია უნდა ყოფილიყო. 2 მარტს ის მონაწილეობდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას, „საქართველოში“ გამგზავრების გამო. ოპოზიციას მიაჩნდა, რომ მისი გამგზავრება გამოხატავდა აფხაზეთის ხელისუფლების სურვილს „ქვეყანა საქართველოსთვის ჩაებარებინათ“. ამასთან, ერთი წლით ადრე შექმნილი რუსული პარტია „ახალი ხალხი“ ხანდახან ასოცირდება ვლადიმირ პუტინის მრჩეველ ვლადისლავ სურკოვთან, რომელიც ერთ-ერთია, ვინც დონბასში გატარებულ პოლიტიკაზე აგებს პასუხს.

გიორგი ჯახაია ამბობს, რომ თვითაღიარებულ აფხაზეთში თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა ორი კლანის ბრძოლის შედეგს წარმოადგენს. ახლანდელი პრეზიდენტი კი ეკუთვნის კლანს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებისკენ იხრება.

„ასე გამოვიდა, რომ აფხაზეთში არსებობს ორი კლანი, რომელიც რუსეთიდან წამოსული ფინანსებისთვის იბრძვის. როდესაც ამ კლანის რომელიმე წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოდის, ცდილობს ამ ფინანსების რაც შეიძლება დიდი წილი საკუთარი ჯიბისკენ მიმართოს... თავად ავიძბა ამ კლანებიდან არც ერთს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ მისი ბიძაშვილი მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა კლანმა მოკლა... “ - ამბობს ის, - „თუ ახრა ავიძბას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ოფიციალურად არ წაუყენებენ ბრალად, შესაძლოა ადვილად გამოვიდეს, რადგან იარაღი აფხაზეთში ყოველ მეორე სახლში დევს. ამით აქ ვერავის გააკვირვებ. ამიტომაცაა, რომ რუსეთს აფხაზეთი ჩაკეტილი ჰყავს და განსაკუთრებული კონტროლის გარეშე აქედან არავის უშვებს. ამ ბრალდებით მისი გასამართლება რთული იქნება“.

„რუხი კარდინალის“ კვალი

შეიძლება თუ არა ავიძბას დაკავება განვიხილოთ მისი და ვლადისლავ სურკოვის ურთიერთობის პერსპექტივიდან? სურკოვის გავლენა დონბასში შესუსტებულია, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ის კვლავ მშნივნელოვანია აფხაზეთში.

პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტების მეთაური 2014 წელს, იგორ გირკინი, ამტკიცებს, რომ „აფხაზი“ სურკოვის უამრავ კონფიდენციალურ დავალებას ასრულებდა და, შესაბამისად, რუსული ფულის „ატკატების“ მეწილეც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ფულით კრემლი დონეცკის ეროვნულ რესპუბლიკასა და ლუგანსკის ეროვნულ რესპუბლიკას აფინანსებდა.

შეძლებს სურკოვი თავისი პროტეჟეს დახმარებას?

გიორგი ჯახაია ეჭვობს, რომ ვერა.

„უშიშროების სამსახური ამბობს, რომ ავიძბაზე ორიენტირება რუსეთის დავალება იყო. არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ თავად გადაწყვიტეს. მგონია, ამ მეთოდით რუსეთი ცდილობს ახლა ჩამოაცილოს თამაშს ის ადამიანები, რომლებიც დონბასში ვერ ჩამოაცილა“, - ამბობს ის.

„აფხაზს“ სურკოვის პროტეჟედ მიიჩნევს ანდრეი დიხტიარენკოც, მაგრამ არ ფიქრობს, რომ მისი დაპატიმრება კრემლისთვის საშიში იმ სეპარატისტი მეთაურების გაცხრილვას ემსახურება, რომლებიც დონბასის ომს გადაურჩნენ.

„სურკოვის ყველა მედიაპროექტი ასე თუ ისე ავიძბას მხარდასაჭერი იყო. სურკოვთან დაკავშირებული „დონბასის მოხალისეების კავშირი“ ახლაც აქტიურად უჭერს მას მხარს და აფხაზეთის სასამართლოს მიმართავს რჩევით ავიძბას „საბრძლო დამსახურება“ გაითვალისწინოს. გარდა ამისა, ვლადისლავ სურკოვმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციას შორის წარმოქმნილი დაძაბულობის განეიტრალებაში... ის, რომ ავიძბა აფხაზეთში დააკავეს, საერთოდ არ მიკვირს. კი, მას თავისი ამბიციები ჰქონდა, ხალხი ჰყავდა და საშიში იყო, - ასეთი ხალხი რუსეთს არ სჭირდება, - მაგრამ ისეთ კრიმინალურ ქვეყანაში, როგორიც აფხაზეთია, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები ბევრ რამეს წყვეტენ, „აფხაზი“ საერთო ფონიდან დიდად არ გამოირჩეოდა. მგონია, განსასჯელის სკამზე ის თავისი გამომწვევი საქციელის გამო აღმოჩნდა. ალბათ, ასეც უნდა დაემთავრებინა ან არ დაემთავრებინა, მაგრამ ციხესთან ნაცნობობა მისი ბედისწერა გახლდათ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG