Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე საჯაროდ აიცრება


15 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი ინფორმაციით, ეს 09:00 საათზე მათ დაწესებულებაში მოხდება, რითაც ხაზი გაესმება იმას, რომ აღნიშნული კლინიკა იყო ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით, 13 მარტს 150 ექიმი დარეგისტრირდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში.

თენგიზ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.

„ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო სასურველია - როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ, რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, არ არის დიდი რაოდენობა - ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან. ინტენსიურად რეგისტრირდებიან. ასევე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ხანდაზმულები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG