Accessibility links

site logo site logo

რუსულ კომპანია „ვაგნერს“ უჩივიან სირიაში ჩადენილი წამებისა და მკვლელობისთვის


რუსი დაქირავებულები სირიაში

საფრანგეთში, სირიასა და რუსეთში მოქმედი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ ამ დაჯგუფების წევრების მიერ სირიის ტერიტორიაზე ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო.

ლაპარაკია რუს დაქირავებულ მებრძოლთა მიერ 2017 წელს ჩადენილ სავარაუდო წამებასა და მკვლელობებზე.

„აღნიშნული სამართლებრივი პროცესი პირველი შემთხვევაა, როდესაც სირიელი მსხვერპლის ოჯახი ცდილობს, სირიაში ჩადენილი სერიოზული სამხედრო დანაშაულისათვის პასუხი აგებინოს ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), აზრისა და მედიის თავისუფლების სირიული ცენტრისა და მოსკოვის უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალის“ 15 მარტის ერთობლივ განცხადებაში.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ რუსეთის საგამოძებო კომიტეტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა 2017 წელს სირიაში მოკლული ადგილობრივი მცხოვრების მოჰამედ ე.-ს ძმამ, რომლის ინტერესებსაც ცნობილი რუსი ადვოკატი, ილია ნოვიკოვი იცავს.


„რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, გამოიძიოს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ საგამოძებო კომიტეტს აქამდე არ დაუწყია ამ მკვლელობის გარემოებების გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს მიღებული ყველა საჭირო ინფორმაცია“, - აცხადებს ადვოკატი ილია ნოვიკოვი.

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, მოკლული სირიელის ძმა მიიჩნევს, რომ საქმე უნდა აღიძრას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით და, ასევე, ითხოვს, რომ „ვაგნერის“ წევრების საქმიანობის შესწავლა მოხდეს სამხედრო დანაშაულის ჩადენის მუხლითაც.

2019 წელს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რუსულ ენაზე მოლაპარაკე სამხედროფორმიანი ადამიანები უროს ურტყამენ მსხვერპლს, შემდეგ დანით აჭრიან თავს, ფეხით კიდებენ მოკლულს, ცეცხლს უკიდებენ და თან ამ სასტიკ მკვლელობას თან ახლავს მათი სიცილი და კმაყოფილი შეძახილები.

კსკ „ვაგნერი“ - ესაა არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და იურიდიული პირების რეესტრში.

კსკ „ვაგნერის“ სპონსორად მედია ასახელებს რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს, და მის საკუთრებაში არსებულ კომპანია „ევრო პოლისს“.

რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა. კერძო სამხედრო კომპანია (კსკ)„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.

თუმცა ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა 2016 წლის დეკემბერში ჯილდოები გადასცა კსკ „ვაგნერის“ სავარაუდო დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის, დმიტრი უტკინს, რომელიც ქვედანაყოფის მეთაურად სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG