Accessibility links

site logo site logo

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს


ვანო მერაბიშვილი

საქმეზე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაავრცელა ახალი განცხადება, რომელშიც საუბარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდზე, რომლის გარშემოც გამოძიება არაეფექტიანად წარიმართა.

„განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში“, - ნათქვამია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9-11 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროსაბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია ასევე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევაზე, „რაც განპირობებული იყო გენერალური პროკურორის მიერ წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდის არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი - ზეწოლის განხორციელება განმცხადებელზე, რაც მიზნად ისახავდა მისგან ისეთი ინფორმაციის მიღებას, რაც არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კვლავ შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას ადრინდელი მითითებები „ეფექტიანი გამოძიების ყველა იმ კრიტერიუმის თაობაზე, რომლითაც უნდა გამოვლინდნენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მე-18 მუხლის ყველა ასპექტის დარღვევაში პასუხისმგებელ პირებს“.

განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებით, რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც რეკომენდებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა.

მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG