Accessibility links

site logo site logo

ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა


დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს, 15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის ინიციატივით და პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში გაიმართა ხელსუფლების და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. ის თბილისში უკვე რამდენჯერმე შეხვდა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, თუმცა, მხარეებს კონკრეტული შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ.

15 მარტს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გამოსავლის მოსაძებნად, „მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“. ღარიბაშვილის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზად არის მიღებული იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა პარლამენტში.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ორჯერ შეხვედრას, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ფორმატის შეხვედრა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული, შუალედში ბელგიის პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა, ამიტომ შარლ მიშელთან შეხვედრა მოგვიანებით გაგრძელდა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული ფორმატით.

ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და შეთანხმებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კი, როგორც აცხადებს, იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

ამასთან, ცნობილია საკითხები, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაისვა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ჯერ კიდევ 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG