Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი აღმოჩნდა


რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორი“ იტყობინება.

უწყების თანახმად, აღმოჩენილია ბრიტანული ვარიანტის 28 და სამხრეთაფრიკული ვარიანტის ორი შემთხვევა. ამავე დროს, იტყობინებიან, რომ ქვეყანაში არ არის ნაპოვნი „ბრაზილიური“ შტამი. აღმოჩენილია 16 სხვა სახის მუტაციაც.

მთლიანობაში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს რვა ათასზე მეტი კლინიკური მასალა. პირველ რიგში, სინჯებს იღებდნენ უცხოეთიდან დაბრუნებულებისგან, განმეორებით დაავადებულთაგან, იმათგან, ვინც ნაკლებად ექვემდებარებოდა მკურნალობას და ვისაც დაავადების არატიპური მიმდინარეობა შეენიშნებოდა.

ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შარშან, წლის ბოლოს განაცხადა. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ახალი მუტაცია 50%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე ცნობილი ვარიანტი. მოგვიანებით გამოვლინდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შტამით შეიძლება დაავადდნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ COVID-19, ამჟამად მოქმედი ვაქცინები კი ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა ამ შტამის წინააღმდეგ. ამის გამო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადადო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის დაწყება.

XS
SM
MD
LG