Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: "მინდა ვთხოვო სინოდს, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში"


"გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასე იყო და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, დიდი იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ შედეგს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე. მან ამ ფორმით უპასუხა კითხვას, ეკლესიასთან თანამშრომლობაზე და იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც "ანტივაქსერულ" განცხადებებს აკეთებენ და მრევლსაც არ ურჩევენ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას.

"ვსარგებლობ შემთხვევით, და მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს და თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი არის განსაკუთრებული ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში.

ტყუილად არ ვთქვი, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და მოგეხსენებათ, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს, ვაქცინაციის სიკეთე გამოსცადა კაცობრიობამ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ეკლესიას და სასულიერო პირებს პანდემიის საწყის ეტაპზე თანამშრომლობის გამო და აღნიშნა, რომ ეკლესიის მოწოდებებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საეკლესიო დღესასწაულების პერიოდში მინიმალური დანაკარგი მიიღეს.

"ამიტომ, გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასეა და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და დიდი იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ შედეგს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომაზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა ვაქცინებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, 12 თებევალს კი სცდომის განჩინება გამოაქვეყნეს სადაც ვკითხულობთ: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია განჩინებაში.

საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო და პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა, ვაქცინის დამატებით დოზებს მარტისა და აპრილის ბოლოს ელოდებიან. ზაფხულის პერიოდში კი საყოველთაო ვაქცინაციას აანონსებენ, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ დოზებზე, რომლის შემოტანაც მოხერხდება ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG