Accessibility links

site logo site logo

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვაქცინაციის "პროპაგანდა" არა ეკლესიის, არამედ ექიმების საქმეა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მრევლისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია. ასე გამოეხმაურა ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდებას სინოდის გვერდში დადგომასთან დაკავშირებით.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში... ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - წერს ჯაღმაიძე "ფეისბუკზე".

სინოდმა ვაქცინაციის საკითხზე 11 თებერვალს იმსჯელა. განჩინების მიხედვით, "ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს".

"საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განჩინებაში.

გუშინ, ვაქცინაციის დაწყების მეორე დღეს, ამირან გამყრელიძემ სინოდს გვერდში დგომა სთხოვა:

"გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასე იყო და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, დიდი იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ შედეგს".

საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო და პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა. ვაქცინის დამატებით დოზებს მარტისა და აპრილის ბოლოს ელოდებიან. ზაფხულის პერიოდში კი საყოველთაო ვაქცინაციას აანონსებენ, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ დოზებზე, რომლის შემოტანაც მოხერხდება ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG