Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული...

საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

ყურადღება დაეთმო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალ სამიტს. განიხილეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული, ისე - უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დევიდ სასოლიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბელგიის დედაქალაქში 15 მარტიდან იმყოფება. ის შეხვდა უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის.

ევროკავშირის მედიაციის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი ამ დრომდე თბილისში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG