Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა პუტინის უშუალო ნებართვით მოხდა


ვაშინგტონში რუსეთის საელჩო უარყოფს და „მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებების წყებას“ უწოდებს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ინფორმირებული იყო და, დიდი ალბათობით, უშუალოდ გასცემდა ნებართვას აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით არჩევნების პროცესში ჩარევისა და მასშტაბური ჰაკერული თავდასხმების შესახებ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ამ დასკვნას შეიცავს აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის სამსახურის დირექტორის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული, 15-გვერდიანი ანგარიში.


დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი, რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწეების საშუალებით, ცდილობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეტოქის, დემოკრატი ჯო ბაიდენის დისკრედიტაციას და ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას უკრაინაში მისი კორუფციული საქმიანობის თაობაზე.

ხოლო ტრამპის მომხრეები, ანგარიშის თანახმად, მოსკოვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, როდესაც ბაიდენის წინააღმდეგ კრიტიკას აღვივებდნენ.

ანგარიშში მოსკოვთან დაკავშირებულ უკრაინელ პოლიტიკოსთა შორის მოხსენიებულია დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, რომელიც მანამდე აშშ-მა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების წინა კამპანიის დროს დერკაჩი ბაიდენს ხშირად ადანაშაულებდა კორუფციაში. უკრაინელი პარლამენტარის ბრალდებებს კი აქტიურად იყენებდნენ დონალდ ტრამპის თანამებრძოლები, კერძოდ, ადვოკატი რუდი ჯულიანი.

CNN-ი და Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-მა მომდევნო კვირაში შეიძლება დაუწესოს სანქციები რუსეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი სავარაუდო ჩარევისთვის. დასავლური მედიის თანახმად, პარალელურად, სანქციები შესაძლოა შემოღებულ იქნეს ასევე ამერიკული კომპანიების სერვერებზე გასული წლის ბოლოს განხორციელებული მასშტაბური ჰაკერული თავდასხმისათვის, რისთვისაც აშშ-ის დაზვერვა პასუხისმგებლობას რუსეთის სპეცსამსახურებს აკისრებს.


აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, 2 მარტს, სანქციები დაუწესა რამდენიმე რუს მაღალჩინოსანსა და კომპანიას, ალექსეი ნავალნის მოწამვლის, გასამართლებისა და ციხეში ჩასმისთვის.

XS
SM
MD
LG