Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ანაკლიაში, კარანტინში ყოფნისას ქალის გარდაცვალების გამო


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 16 მარტს გადმოყვანილ ქალს, რომელიც მოგვიანებით ანაკლიაში, საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, პირველი სამედიცინო კვლევის შედეგად რაიმე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილი შუახნის ქალისთვის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პაციენტს ადგილზევე ჩაუტარდა ელ.კარდიოგრაფია, მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა და მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად:

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა“.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს, პაციენტის მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ დღეს დილით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფი ქალის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG