Accessibility links

site logo site logo

COVID-ვაქცინის პირველი დანაკარგები - რას ვაკეთებთ, რომ ვაქცინა არ გავაფუჭოთ?


გეგმა ასეთია, ის 43 200 დოზა COVID-საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ადმინისტრირდეს, ანუ დაიხარჯოს. ყოველ შემთხვევაში, ასე სურს და ასე ვარაუდობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

ეს კი ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა მომდევნო ორ კვირაში, სრულად დაიხარჯოს 43 200 დოზა „ასრაზენეკა“, დღეში 3600-მდე ვაქცინა უნდა გაკეთდეს. თუმცა, რამდენად რეალისტურია ეს გათვლა და მოლოდინი, ამ ეჭვს ის რიცხვი აჩენს, რომელიც ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ფიქსირდება.

ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტიდან, ანუ მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ სამ დღეში კი პორტალზე დარეგისტრირდა მხოლოდ 5175 მედპერსონალი და მათგან აიცრა 2307. ანუ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტს, ანუ, ვაქცინაციის პირველ დღეს ვაქცინის 3 დოზა დაიკარგა. ეს დანაკარგი ასე ახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ:

„ვაქცინა შემოსულია 10-დოზიან ფლაკონებში. იმისათვის, რომ დანაკარგი გვქონდეს მინიმუმი, როდესაც ფლაკონი გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რიგში გვყავდეს 10 ასაცრელი ადამიანი. აი, გუშინ, დღის ბოლოს, როცა ამცრელთა რიგში აღარ იყო 10 ადამიანი და იყო 7, სამი დოზა კი გამოუყენებელი რჩებოდა, შემოდიოდა ზარები დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აქედან ჩვენები, საღამოს მიდიოდნენ და იცრებოდნენ. გუშინ, მთელი დღე ჩვენ დავამთავრეთ სამი დანაკარგით. ორი გვქონდა რეგიონში. ერთ შემთხვევაში, შპრიცი, რომელშიც უკვე ამოღებული ვაქცინა იყო, ძირს დავარდა“.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ვაქცინის დეფიციტს ებრძვის, ვაქცინაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, და ვაქცინის თითოეული დაკარგული დოზა კიდევ უფრო ანელებს ამ ტემპს, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში, ზედმიწევნით იყოს გაწერილი ის რისკები და ალტერნატიული გზები, რაც ქვეყანას დოზების დანაკარგს აარიდებს თავიდან.

მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ გზად შესაძლოა განიხილებოდეს ე.წ. სარეზერვო სიები, იმ ადამიანების ნუსხა, რომლებსაც სურთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, თუმცა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მათ აცრა ჯერ არ უწევთ.

განიხილება თუ არა ამ ტიპის რეგისტრაციის ფორმის შექმნა, რათა ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს ქვეყანა დაცული ვაქცინის დოზების დანაკარგისგან და მეორე მხრივ, ქვეყანაში დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი და გაიზარდოს ვაქცინირებულთა რიცხვი? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დღეს ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც, თუმცა, ჩვენს კითხვას, ისევე როგორც ხშირ შემთვევაში, არც ამჯერად მოჰყოლია რეაგირება.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თავად „ასტრაზენეკას“ გამოყენების წესები და რეკომენდაციებიც, რომლებიც დეტალურადაა გაწერილი დიდი ბრიტანეთის სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ დოკუმენტში. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტიპის რეკომენდაციები და წესები დაურიგდა იმ მედპერსონალსაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ცრიან.

რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურს, ამცრელ მედპერსონალთან გასაუბრების თხოვნითაც მიმართა, თუმცა, აქაც უშედეგოდ. ჩვენ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური განცხადებებით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ, რომლის თანახმადაც, მედპერსონალს, რომლებმაც მოქალაქეები უნდა აცრან, ყველა შესაბამისი ინსტრუქცია ჩაუტარდათ. როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, თუკი დოზების გაფუჭების რისკის წინაშე დგებიან და რას ნიშნავს ამირან გამყრელიძის მიერ ნახსენები "შემოდიოდა ზარები დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აქედან ჩვენები, საღამოს მიდიოდნენ და იცრებოდნენ", ანუ, აქვთ თუ არა მედპერსონალს ინსტრუქცია, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ და ვინ უნდა აცრან იმ შემთხვევაში, თუკი ხედავენ, რომ ვაქცინის დოზები შესაძლოა გადასაღვრელი გახდეს, ამ კითხვაზე პასუხი, ცხადია, ვერ მოვიძიეთ.

„ასტრაზენეკას“ გამოყენების წესებში დაკონკრეტებულია ის პერიოდი, რა პერიოდშიც ფლაკონის გახსნის შემდეგ 10 ადამიანი უნდა აიცრას. დროის ამოწურვის შემდეგ, გახსნილ ფლაკონში დარჩენილი ვაქცინის დოზები უნდა გადაიღვაროს. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია დროისა და ვაქცინაციის მსურველთა მაქსიმალური თანხვედრა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იტყობინებოდა მსოფლიო მედია, რომ ათასობით დოზა ვაქცინა ფუჭდება ევროპაში იმის გამო, რომ მოქალაქეები წინასწარ შეთანხმებულ დროზე არ ცხადდებიან ამცრელ პუნქტებში.

  • „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონი შეიცავს ვაქცინის 10 დოზას. თითოეული დოზა შედგება 0,5 მილილიტრი სითხისგან;
  • ფლაკონის გახსნის შემდეგ, ვაქცინის ათივე დოზა, მაქსიმუმ 6 საათის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუყენებელი დოზა უნდა გადაიღვაროს. დროის ამ მანძილზე, ვაქცინა უნდა ინახებოდეს 2-დან 25 გრადუსამდე სივრცეში;
  • შესაძლებელია, რომ ბოლო დოზის ამოღების შემდეგ, ფლაკონში მცირე რაოდენობით სითხე დარჩეს. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ ფლაკონში დარჩენილი სითხის მოცულობა მეთერთმეტე დოზისთვისაც იყოს საკმარისი. თუმცა, ამ შემთხვევაში, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს დოზის მოცულობას. თუკი ეს დოზა არ შეადგენს 0,5 მილილიტრს მაშინ ის უნდა გადაიღვაროს.
  • „ასტრაზენეკას“ გაუხსნელი ფლაკონის შენახვის ვადა 6 თვეა.
  • გაუხსნელი ფლაკონის შენახვის ტემპერატურა -2 -8 გრადუსი. ვაქცინა არ უნდა გაიყინოს.
  • ფლაკონი უნდა ინახებოდეს ყუთში, რათა დაცული იყოს სინათლისგან

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 43 200 დოზა „ასტრაზენეკა“, მხოლოდ და მხოლოდ, მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. 17 მარტის მონაცემებით, ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირებულია ვაქცინაციის მსურველი 5175 მედმუშაკი. მაშინ, როდესაც, ქვეყანას, ჯამში, 71 ათასი მედმუშაკი ჰყავს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი ქვეყანამ მედპერსონალის 65% უნდა აცრას, რაც დაახლოებით 46 ათასი მედპერსონალია.

მედპერსონალის აცრის შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პროცესში ჩაერთვება ხანდაზმულთა პანსიონატები და იქ მომსახურე პერსონალი, ჯამში 2000 ადამიანი. ამის შემდეგ კი აცრები უნდა ჩაუტარდეთ 75 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და რის-ჯგუფებს.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ შემოტანის თარიღი, ევროპის რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დროებით შეჩერებას დაემთხვა. ვაქცინაციის შეჩერების მიზეზად თრომბოემბოლიის შემთხვევები დასახელდა, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა.

თუმცა, ევროკავშირის რეგულატორის, „ევროპის წამლის სააგენტოს“ 16 მარტის განცხადების თანახმად, კვლევის პროცესში ისევ არ გამოვლენილა მტკიცებულება, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბოზს იწვევს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია. ევროპის წამლის სააგენტოს ექსპერტები დეტალურ კვლევას განაგრძობენ. მონაცემთა შესაჯამებლად კი 18 მარტს, სააგენტო რიგგარეშე სხდომას გამართავს.

არის თუ არა ევროპის რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დროებით შეჩერება ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში, ვაქცინაციის პორტალზე, სადაც სამედიცინო პერსონალი რეგისტრირდება, საკმაოდ დაბალია აქტიურობა, ამაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. მედმუშაკთა პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად ისიც სახელდება, რომ ქვეყანამ არ აწარმოა დროული საინფორმაციო კამპანია თავად მედპერსონალში. კიდევ ერთი მიზეზის თანახმად, ექიმები ელოდნენ არა „ასტრაზენეკას“ შემოტანას, არამედ ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერს“, რომლის ეფექტურობაც მცირედით აღემატება „ასტრაზენეკას“ ეფექტურობას.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობას, ის დაახლოებით 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. ტარდება ორ დოზად - 8-12 კვირის ინტერვალში და როგორც კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო დიდია ინტერვალი დოზებს შორის, მით უფრო მაღალია ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი. ასე მაგალითად:

  • პირველი დოზის მიღებიდან 6 კვირის თავზე გაკეთებულმა ვაქცინის მეორე დოზამ აჩვენა დაახლოებით 55%-იანი ეფექტი;
  • 6-8 კვირა - თითქმის 60%;
  • 9-11 კვირა - 72%-ზე მეტი;
  • 12 კვირა - 80%.

ასევეა ანტისხეულების რაოდენობის გამომუშავების თვალსაზრისითაც. რაც უფრო ხანგრძლივია ინტერვალი დოზებს შორის, მით უფრო მეტი ანტისხეული ვითარდება ორგანიზმში. მაგალითად, 6 კვირის თავზე ჩატარებული მეორე დოზიდან 28 დღეში, ვაქცინირებულის ორგანიზმში აღმოჩნდა დაახლოებით 21,384.2 საშუალო გეომეტრიული ტიტრი (GMT), მაშინ, როდესაც 12-კვირიანი ინტერვალით ჩატარებული განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ, ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში დაფიქსირდა 52,360.9 საშუალო გეომეტრიული ტიტრი.

შეგახსენებთ, Oxford/Astra Zeneca ვექტორული ტიპის ვაქცინაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

„ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვლას დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG