Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპულ სააგენტოში ისევ არ აქვთ თრომბოზთან "ასტრაზენეკას" ვაქცინის კავშირის მტკიცებულება


ევროკავშირის რეგულატორს, „ევროპის წამლის სააგენტოს“ კვლევის პროცესში ისევ არ მოუპოვებია მტკიცებულება, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბოზს იწვევს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია.

ემერ კუკმა ხაზი გაუსვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს თრომბოზის შემთხვევები არ ყოფილა. სააგენტო საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციებს 18 მარტს გამოაქვეყნებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც ბოლო დღეებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ამ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ აცრილ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილი ამ ვაქცინით აცრებს განაგრძობს.

ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უკვე აცრილია დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი. აცრილებს შორის თრომბოზის 40-მდე შემთხვევაა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია. ორ დღეში 1447 აიცრა. 16 მარტის საღამოს მონაცემებით, დარეგისტრირებული იყო 4633.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG