Accessibility links

site logo site logo

ადვოკატ ვალერის გელბახიანის თქმით, გოგი წულაია ძალადობის ჩადენას უარყოფს  


ვალერი გელბახიანი

პოლიტიკოს გოგი წულაიას ინტერესების დამცველი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

„ძალადობას ბატონი გოგი წულაია უარყოფს, მით უმეტეს, სექსუალური გამორიცხულია. ადამიანს აქვს 6 თვის წინ გაკეთებული უმძიმესი შუნტირების ოპერაცია. ტკივილები აქვს საერთოდ პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით. ეგ ექსპერტიზითაც დადასტურდება. ეგ არის გამორიცხული და გამოგონილი, ასევ ვთქვათ, ბრალდება.

მსუბუქი თუა ჯანმრთელობის მოშლა, ეს შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერმა ადამიანმა მიიყენოს. თუნდაც რაღაცას რომ მიეჯახოს. ამიტომ, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი... ამას მტკიცებულებები სჭირდება, ასე მარტივად ეს ვერ იქნება", - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „რუსთავი 2"-თან.

შსს-მ გოგი წულაია დააკავა. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაიას მეუღლე მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, შესაძლო პროვოკაციას არ გამორიცხავს.

პოლიტიკოსის მეგობრის ვეფხია მიქაუტაძის თქმით, გოგის წულაიას დაკავება არის პოლიტიკური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შსს-მ ნებისმიერი ქმედება საჯარო უნდა გახადოს, რაც იქნება დაკავშირებული წულაიასთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.

„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, - ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG