Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად ესროლა საკუთარ ოფისს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გაკრული ნიკა მელიას ბანერის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. ამავე დროს, კობახიძე ოპონენტების შესახებ აცხადებს: „ყოველთვის, როცა ვარდება „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ."

შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში თვითონ ესროლეს? კობახიძე პასუხობს: „რატომაც არა. სხვა ლოგიკა სად არის?! რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ოპონენტმა ესროლოს „ნაცმოძრაობის“ პარტიას". საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სწორედ, ამის შედეგია, რომ დღეს სვამენ შეკითხვებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის „ქართული ოცნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „მთავარ არხს“ უთხრა, რომ ფაქტი წარმოადგენს საშიში კრიმინალური ხასიათის პროვოკაციას.

„რამდენჯერმე გაისროლეს ოფისის, კერძოდ, ბანერის მიმართულებით. არაფერ კარგს არ მოასწავებს მსგავსი ტიპის ქმედებები, ჩვენ უკვე ვნახეთ, ნიკას საარჩევნო უბანთან, როდესაც იარაღის ტრიალი იყო დაფიქსირებული, თუმცა მერე სამართალდამცველების და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითქოს სათამაშო იარაღი იყო. ასე რომ, დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ეს იქნება ობიექტურად გამოძიებული“, - თქვა დოლიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. მელიას პატიმრობა გირაოს გადაუხდელობის გამო შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG