Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სათავო ოფისში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

ოფიციალური ცნობით, იქ განიხილეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შავი ზღვის უსაფრთხოების როლი.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომისიის სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბელგიის დედაქალაქში 15 მარტიდან იმყოფება. ის შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის. 16 მარტს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG