Accessibility links

site logo site logo

შეცდომის აღიარება თუ რისკების დაზღვევა? - კოვიდვაქცინაციის პუნქტები განახევრდა


კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების 50% გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებაში მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 მარტს, ახალციხეში, ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ გაკეთებიდან ნახევარ საათში, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთნის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 28 წლის ქალი 19 მარტს, დღის 12 საათზე, ვაქცინის გაკეთებიდან თითქმის 24 საათში, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებისა, რომ მისი ინფორმაციით, ექთანს შოკის მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა, ქალის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.

რამდენად დროულად და ეფექტიანად მოხდა ახალციხეში 28 წლის ექთნის ანაფილაქსიური შოკის მართვა, ამას, სავარაუდოდ, გამოძიება დაადგენს. ქალის გარდაცვალების ფაქტზე, 19 მარტს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

87-დან 41 ამცრელ პუნქტამდე

19 მარტიდან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, რომლებსაც აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ჯამში, 41 კლინიკაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ექთნის გარდაცვალებამ აჩვენა, რომ უმჯობესია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკებში:

„გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა მოხდა დროულად, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია მოსალოდნელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელება“.

18 მარტის ჩათვლით, ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდა 64 ცენტრში. 19 მარტიდან ამცრელი პუნქტები კიდევ 23 დაწესებულებით უნდა გაზრდილიყო. ანუ, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესის წარმართვა 87 კლინიკაში იგეგმებოდა.

იმას, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესი იმთავითვე მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში უნდა ჩატარებულიყო, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ადასტურებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე. ამის შესახებ ის ჯერ კიდევ ვაქცინაციის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვის წინ ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას. ანი ქავთარაძე იმ რამდენიმე კრიტერიუმზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც იმუნიზაციის თითოეული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს:

„გარდა იმისა, რომ ასეთი კაბინეტები და დაწესებულებები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და მედიკამენტებით, ასევე, ზოგადად, უწყვეტი სამედიცინო პრაქტიკის ნაწილი უნდა იყოს გადაუდებელი მდგომარეობების მართვის ტრენინგი, მათ შორის, ისეთის, როგორიც ანაფილაქსიური შოკია. რაც მთავარია, წვრთნის ეს ტიპი უნდა იყოს განმეორებადი, მაგალითად, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ. როგორც ექიმების, ასევე საშუალო მედპერსონალისთვის, როგორც ამბულატორიებში, ასევე კლინიკებში. რაც შეეხება მოსაზრებას, თუ რატომ იყო მცდარი გადაწყვეტილება კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყება ამბულატორიებში, ვთვლი, რომ სახელმწიფოს აკისრია უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვანი პროცესის წარმართვისას, სადაც რისკები მაქსიმალურად უნდა იქნას გადაზღვეული და მინიმუმამდე დაყვანილი, რასაც სწორედ მულტიდისციპლინურ კლინიკაში მიმდინარე პროცესი განაპირობებდა“.

რა ტიპის ტრენინგები გაიარეს ამცრელმა ბრიგადებმა?

როგორც ვაქცინაციის დაწყებამდე, ისე ექთნის გარდაცვალების შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა ამცრელი პუნქტი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით. ამცრელი გუნდი დაკომპლექტებულია სამი ადამიანით - ამცრელით (ექიმი, ექთანი), ექიმითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.

ამირან გამყრელიძის 19 მარტის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის ფარგლებში, მედპერსონალი ყოველწლიურად გადის გადამზადებას. მისი მონაცემებით, მსგავსი ტრენინგები ყოველ წელს ტარდება იმ 350 ცენტრში, სადაც ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ხორციელდება.

რაც შეეხება კონკრეტულად კოვიდვაქცინაციის პროცესში ჩატარებულ გადამზადების კურსებს, ამირან გამყრელიძის თქმით, შექმნილია სპეციალური გეგმა, რომლის თანახმადაც, ონლაინ და ასევე, ადგილზე დასწრებული ტრენინგები გაიარეს იმ დაწესებულებების წარმომადგენლებმა, რომლებშიც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი:

„ყველას გავლილი აქვს ტრენინგი, ზოგადად ვაქცინებთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა იმ 9 კლინიკის მედპერსონალს, სადაც ვაქცინაცია „ფაიზერით“ უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, საქართველოში სხვა ვაქცინებიც შემოვა და ამის შესახებ ინფორმაცია მათ ეძლევათ. გარდა ამისა, ამ ვაქცინების, ვაქცინაციის კაბინეტების აღჭურვის შესახებ, არსებობს მინისტრის სპეციალური ბრძანება, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს კაბინეტი მომზადებული და ამ ბრძანების მიხედვით ხდება მათი ტრენინგი“.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, ექიმს, რომელიც სამკაციანი ამცრელი ბრიგადის წევრია, ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი ანაფილაქსიური შოკის დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ. ტრენინგი კი ეფუძნება სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს:

„იქვე დამტკიცებულია სპეციალური კითხვარიც. როდესაც ადამიანის მიდის აცრაზე, უტარდება გამოკითხვა. ჩამონათვალში არის ისეთი კითხვები, რომლის საშუალებითაც ექიმს შეუძლია აიღოს ორიენტაცია, რომ შესაძლოა, არსებობდეს ალერგიის მომატებული რისკი. მაგრამ ყველა ალერგია აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ გაიდლაინში არის ე.წ. შუქნიშანი, ანუ, მწვანე შუქი, როდესაც შესაძლოა, ალერგია ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მისი აცრა თავისუფლად შესაძლებელია. ყვითელი, როდესაც სიფრთხილეა საჭირო და წითელი, როდესაც აცრა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ამცრელი ბრიგადის ექიმი მას ამისამართებს დამატებითი კონსულტაციებისთვის სპეციალისტთან“.

გაუქმებული ჯავშნები და ხელახალი რეგისტრაცია

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, ამცრელი პუნქტების რაოდენობა განახევრდა და ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ დაწესებულებებში დარჩა, ვაქცინაცია სრულად შეწყდა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში - ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში.

ვაქცინაცია შეწყდა რუსთავშიც, სადაც ეს პროცესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაცია მიმდინარეობდა რუსთავის პირველ და მეორე ამბულატორიულ კლინიკებში. ჯამში, ორივე კლინიკაში 15 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით 90 მედპერსონალი აიცრა:

„ჩვენ არ გვაქვს პაციენტის რეანიმაციის შესაძლებლობა და არც გვექნება, ამიტომ ვაქცინაცია შევწყვიტეთ. ვინც აიცრა, გართულებები არ ჰქონია, მხოლოდ რამდენიმეს 39 გრადუსი სიცხე მისცა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის ნომერ პირველი კლინიკის დირექტორმა მერი ლოლაძემ.

კოვიდვაქცინაცია შეწყდა თბილისის იმუნიზაციის ცენტრშიც. სტომატოლოგ თამუნა ყურაშვილს, სწორედ ამ ცენტრში ჰქონდა დაჯავშნილი ვაქცინაცია 24 მარტს. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, 18 მარტს, საღამოს, ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა, რომელიც ჯავშნის გაუქმების შესახებ ამცნობდა:

„ღამის 11 საათზე მომივიდა სმს, რომ ჩემი ჯავშანი გაუქმებულია. თავიდან დავიბენი, მიუხედავად ახალციხეში მომხდარი შემთხვევისა, აცრის გადადებას არ ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ გავარკვიე, რომ ჩაიხსნა ის ამცრელი ცენტრები, სადაც შოკის ოთახები და გართულების შემთხვევაში, ადეკვატური დახმარება შეუძლებელი იქნებოდა. იმუნიზაციის ეროვნულ ცენტრში მქონდა ჯავშანი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ცენტრი მზად არ იქნებოდა აცრის გართულებისთვის. გადავჯავშნე და ახალი ჯავშანი მაქვს 20 მარტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში. გაცნობიერებული მაქვს რისკისა და სარგებლის კორელაცია კოვიდის აცრასთან მიმართებით, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ვიკეთებ აცრას“.

ვაქცინაციის ჯავშანი გაუუქმდა თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ექთანს, ქეთის. მან COVID-19 შემოდგომაზე გადაიტანა. კოვიდვაქცინაციის პროტოკოლის თანახმად, ექთანს აცრა უკვე ეკუთვნის, რადგან მისი ავადობიდან 120 დღეზე მეტია გასული:

„რთული დღეები გადავიარე კოვიდთან ჭიდილში. ახლა ვაქცინაციის შანსი გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ გამიმართლა. ვერაფრით ვიტყვი უარს. როდესაც სოციალურ ქსელში დავწერე, რომ მიუხედავად ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიისა, უნდა ავიცრა, ძალიან ბევრი ნეგატიური შეტყობინება წამოვიდა, როგორც პოსტის ქვეშ, ისე პირად გზავნილებში, მაგრამ აცრაზე უარს ვერ ვიტყვი. ორშაბათს ვიცრები“.

ანაფილაქსიური შოკის მართვა - მინისტრის 3 თებერვლის ბრძანება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანებაში (№01-11/ნ) მეხუთე დანართშია გაწერილი COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვის პუნქტები.

ამ დანართის თანახმად:

  • აცრის შემდეგ პირი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა დაყოვნდეს 30 წუთის განმავლობაში;
  • სიმპტომები ძირითადად ჩნდება ვაქცინაციიდან 15-30 წუთის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა სიმპტომების გაჩენას რამდენიმე საათი დასჭირდეს;
  • სიმპტომები: რესპირატორული - სასუნთქი გზების/ყელის დახშობის შეგრძნება, სტრიდორი (მსტვინავი სუნთქვა), სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ხველა; გასტროინტესტინალური - გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი; კარდიოვასკულური - თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია; კანი/ლორწოვანი გარსები - ჭინჭრის ციება, ტუჩების, სახის და ყელის ქავილი ან შეშუპება.
  • ანაფილაქსიის ადრეული ნიშნები შეიძლება ჰგავდეს მსუბუქი ფორმის ალერგიული რეაქციის ნიშნებს, ამიტომ, შესაძლოა, რთული იყოს იმის გათვლა, ეს სიმპტომები პროგრესირდება თუ არა და განვითარდება თუ არა ანაფილაქსური რეაქცია;
  • თუ პაციენტს განუვითარდა ქავილი და შეშუპება, რომელიც შემოიფარგლება ინექციის ადგილით, უნდა მოხდეს ზოგადი სიმპტომების განვითარებაზე დაკვირვება;
  • სიმპტომების გენერალიზების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეპინეფრინი, უნდა მოხდეს დაკავშირება გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასთან, რათა პაციენტი გადაყვანილ იქნეს სამედიცინო მომსახურების უფრო მაღალ დონეზე;
  • უნდა მოხდეს პაციენტების ინსტრუქტაჟი ალერგიული რეაქციის ნიშნების ან სიმპტომების ამოცნობის მიზნით, რათა ვაქცინაციის ადგილის დატოვების შემდეგ და სადამკვირვებლო პერიოდის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარებას.

მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები ანაფილაქსიის მართვისათვის

სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტარდება ვაქცინაცია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანაფილაქსიის მართვის მცოდნე პერსონალით, შესაბამისი მედიკამენტებით და აღჭურვილობებით:

  • COVID-19 ვაქცინაციის კაბინეტი დროის ნებისმიერ მომენტში აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ ეპინეფრინის 3 დოზით (წინასწარ შევსებული შპრიცი ან აუტოინჯექტორი). ანტიჰისტამინები შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამხმარე საშუალება, მაგრამ არასდროს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც თავდაპირველი, ან, ერთადერთი მკურნალობის მეთოდი.
  • H1 ანტიჰისტამინი (მაგ., დიფენჰიდრამინი);
  • წნევის საზომი აპარატი;
  • სტეტოსკოპი;
  • წამზომი, პულსის დასათვლელად;
  • ჟანგბადი.

ანაფილაქსის მართვა ვაქცინაციის ჩატარების ადგილზე

ანაფილაქსის განვითარების საფრთხის შემთხვევაში, ამცრელ პუნქტში მედპერსონალი უნდა მიჰყვეს შემდეგ ნაბიჯებს:

  • უნდა შეფასდეს სასუნთქი გზების მდგომარეობა, სუნთქვა, ცირკულაცია და გონებრივი აქტივობა;
  • უნდა განხორციელდეს ზარი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნომერზე;
  • პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე, ფეხები აიწიოს ზევით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი აღებინებს, ან ზედა სასუნთქი ტრაქტი დაკეტილია;
  • ეპინეფრინი (1მგ/მლ წყალხსნარი [1:1000 განზავებით]) არის პირველადი მკურნალობის მეთოდი და გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ;
  • ინექცია უნდა გაკეთდეს შუაზედა ბარძაყის არეში;
  • ეპინეფრინის დოზები შეიძლება გამეორდეს 5-15 წუთში ერთხელ (ან უფრო ხშირადაც), დოზები შეყვანილი უნდა იყოს სიმპტომების კონტროლის მიზნით, სანამ ადგილზე მოვა გადაუდებელი დახმარება;
  • ანაფილაქსიის მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში ბუნების გამო, არ არსებობს წინააღმდეგობრიობა ეპინეფრინის გამოყენების მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

საქართველოში ანაფილაქსიური შოკის სტატისტიკა

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში ანაფილაქსიური შოკის 350 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 6 გარდაცვალებით დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, არცერთი ეს შემთხვევა დაკავშირებული არ ყოფილა ვაქცინაციასთან.

  • 2015 წელი - 45 შემთხვევა; 1 გარდაცვალება;
  • 2016 წელი - 55 შემთხვევა; 0 გარდაცვალება;
  • 2017 წელი - 63 შემთხვევა; 2 გარდაცვალება;
  • 2018 წელი - 69 შემთხვევა; 1 გარდაცვალება;
  • 2019 – 78 შემთხვევა; 2 გარდაცვალება;
  • 2020 – 40 შემთხვევა; 0 გარდაცვალება;

კოვიდვაქცინა და ანაფილაქსიური შოკი - შეცვალა თუ არა საქართველომ სტატისტიკა?

დარგის სპეციალისტების, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდვაქცინაციის პროცესში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები აღემატება ზოგადად, იმუნიზაციისას გამოვლენილ ანაფილაქსიის შემთხვევებს და თუკი აქამდე არსებული ვაქცინების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი მილიონ აცრილ ადამიანში მხოლოდ ერთს უვლინდება, ეს რიცხვი მეტია კოვიდვაქცინაციის პროცესში. ასე მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, 5 მილიონი აცრილი ადამიანიდან, ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 41-ს. ანუ, 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევაში. გერმანიაში, „ასტრაზენეკათი“ აცრილ 363 000 ადამიანში, ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 3-ს. ანუ, აქაც 121 ათას აცრილზე - ერთი. რაც შეეხება კიდევ ერთ კოვიდვაქცინას, Pfizer/BioNtech-ს (აშშ/გერმანია) – 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი.

კოვიდვაქცინაციისას ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების შემთხვევები ცნობილი არ არის. რადიო თავისუფლების კითხვაზე, არის თუ არა 28 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტი მსოფლიოში კოვიდვაქცინაციის პროცესში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების პირველი შემთხვევა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს:

„ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. ჩვენ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას გავაგზავნით გლობალური ანგარიშგების ერთეულში, სადაც მოხდება ანალიზი და მოგვცემენ პასუხს, არის თუ არა ეს პირველი შემთხვევა, თუ მათთვის მანამდეც იყო ცნობილი სხვა შემთხვევების შესახებ“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარდა ერთი ლეტალურად დამთავრებული შემთხვევისა, კოვიდვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან დღემდე, დაფიქსირდა ანაფილაქსიური შოკის მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა, ის შოკის სახით არ გამოვლენილა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც 18 მარტს, 28 წლის ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირებულმა რამდენიმე მედმუშაკმა ვაქცინაციის ჯავშანი გააუქმა. მისი ინფორმაციით, თუკი 19 მარტის დილის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებული იყო 5100-ზე მეტი მედმუშაკი, დღის ბოლოს მათი რაოდენობა 4900-მდე დავიდა.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროპის რიგმა ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს „“სტრაზენეკას" გამოყენება, მას შემდეგ, რაც მილიონობით აცრილი ადამიანიდან რამდენიმე ათეულს თრომბოზი განუვითარდა.

თუმცა, 18 მარტს, ევროპის სამედიცინო სააგენტოსა (EMA) და ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტებმა განაცხადეს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ.

EMA-ს განცხადებაში, რომელიც სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სარგებელი, რომელიც მოაქვს ვაქცინას COVID-19-ის ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში, (რომელიც, თავის მხრივ, ასევე უკავშირდება თრომბის, მათ შორის, შესაძლო ფატალურ, შემთხვევებსაც) გაცილებით მეტია, ვიდრე გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული რისკები; ვაქცინა არ არის ასოცირებული სისხლის შედედების (თრომბოემბოლიური მოვლენების) გაზრდის საერთო რისკთან იმ პაციენტებში, ვინც იცრება.

EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG