Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილთან გამომშვიდობებას მისი ნათესავები მავთულხლართებთან ელოდებიან


ნანა ვანიშვილი
ნანა ვანიშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში გარდაცვლილ დათა ვანიშვილთან გამოთხოვების მიზნით, მის ნათესავებს და მეზობლებს ჯერჯერობით არ აძლევენ ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლებას.

დათა ვანიშვილის შვილმა, ნანა ვანიშვილმა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და სხვებისგან განსხვავებით, "საზღვარზე" გადასვლის უფლება მისცეს, მავთულხლართების იქითა მხრიდან მედიას აცნობა, რომ დაკრძალვამდე გარდაცვლილს დაასვენებენ მავთულხლართების სიახლოვეს.

დათა ვანიშვილის ახლო ნათესავები ამჟამად იმყოფებიან ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში. „მავთულხლართებთან ვდგავართ და ვერ ვახერხებთ, რომ ბოლო გზაზე გავაცილოთ“, - თქვა დათა ვანიშვილის ძმისშვილმა ზვიად ვანიევმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, რომელიც ხურვალეთში იმყოფება, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაამყარეს, რათა დათა ვანიშვილის ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცენ, თუმცა, კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვთ.

საკუთარი სახლიდან დათა ვანიშვილის გამოსვენება 15:00 საათისთვის იგეგმება. მას ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში დათა ვანიშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა, მეორე ნაწილში კი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდა. დათა ვანიშვილი რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

XS
SM
MD
LG