Accessibility links

site logo site logo

დანიელსონის დაბრუნება, გადამდგარი ელჩი და მოწოდებები ბრიუსელიდან


მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციას ევროკავშირი მიმდინარე კვირის ბოლოდან განაახლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიღო. 

ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 22 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე შედგა საუბარი მედიაციის პროცესის ინიციატორს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოში მის მიერ პირად წარმომადგენლად გამოგზავნილ შვედ დიპლომატს, კრისტიან დანიელსონს შორის. დანიელსონმა თბილისი 19 მარტს დატოვა. ის საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. 22 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გამოითქვა შეშფოთება უშედეგო დიალოგისა და საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. კვლავაც პასუხგაუცემელია შეკითხვები ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლისა და ბელგიაში ელჩის პოსტიდან ნატალია საბანაძის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის - ორი ყველაზე სადავო საკითხის გარშემო და ესენია: პოლიტიკური მართლმსაჯულება და მომავალი არჩევნები.

„მოვიდა აუცილებელ კომპრომისებზე წასვლის დრო, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - დაწერა ოდნავ მოგვიანებით ტვიტერზე თავად შარლ მიშელმა და იქვე აღნიშნა, რომ კრისტიან დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში, მედიაციის გასაგრძელებლად.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში 22 მარტს გაიმართა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაუჭირეს მხარი საქართველოში ევროკავშირის მედიაციით წამოწყებული პროცესის გაგრძელებას.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, მისიის გაგრძელების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შესახებ მინისტრებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თავად ბორელმა აღნიშნა, რომ „მუშაობა გრძელდება“. ძველებური შინაარსის იყო პოლიტიკური მოთამაშეებისთვის განკუთვნილი მისი მოწოდებებიც:

„მინდა გავიმეორო, რომ საჭიროა, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა საქართველოში პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ხალხის ინტერესები, რათა მიაღწიონ აუცილებელ კომპრომისებს და ყურადღება გადაერთოს სხვა გადაუდებელ საკითხებზე, როგორიც არის: კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკის გაჯანსაღება და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდეც და, მაგალითად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პირდაპირ თქვა, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზიდან გადახვევა ევროკავშირისა და ნატოს გზიდან გადახვევას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ მომავალს, არამედ რისკის ქვეშ დადგებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული სხვა ქვეყნებიც.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოს გარდა, აერთიანებს ყოფილი საბჭოთა კავშირის კიდევ ხუთ ქვეყანას და ესენი არიან: უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძლიერი შეშფოთების საგანია საქართველოს პარტნიორებისთვის ევროკავშირში“, - უთხრა ლანდსბერგისმა 22 მარტს ჟურნალისტებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ვილნიუსი შეწუხებულია უშედეგო მოლაპარაკებებით და თბილისს კონსენსუსის აუცილებლობას შეახსენებს.

„ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი წარმოადგენს გასაღებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად“, - წერია განცხადებაში.


პოლიტიკური დიალოგის პროცესის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ საქართველოშიც, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ხელისუფლება პროცესის წარუმატებლობას ოპოზიციის უსაფუძვლო სიჯიუტესა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აბრალებს. ოპოზიციაში კი კვლავ დარწმუნებული არიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“, დიალოგის არაკონსტრუქციულად წარმართვით, ევროკავშირის მიმართ უპატივცემლობა გამოავლინა და პრაქტიკულად უარი თქვა ევროპულ ფასეულობებზე. ოპოზიციის მიერ ამის ნაწილად განიხილება ასევე საქართველოს წარმომადგენლის ევროკავშირში, ნატალია საბანაძის მოულოდნელი გადადგომის ფაქტი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საბანაძის გადადგომა მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო „ამ ხელისუფლების პირობებში სულ უფრო შორდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ორბიტას“.

ამ კონტექსტში დეკანოიძისთვის ნიშანდობლივია 21 მარტს სოციალურ ქსელში ნატალია საბანაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის მონაკვეთი, სადაც ის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე ლაპარაკობს.

21 მარტს, ელჩის გადადგომასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ტექსტში ნათქვამია, რომ ელჩს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძეს მადლობასაც უხდის ნაყოფიერი მუშაობისთვის.

უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში? რადიო თავისუფლებას საბანაძემ უთხრა, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.

ნატალია საბანაძე თავის 21 მარტის განცხადებაში მადლობას არ უხდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი მადლობის ადრესატები არიან მხოლოდ საელჩოს თანამშრომლები და იქვე ყოფილი ელჩი საჯარო მოხელეების გაფრთხილებისა და დაფასების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.

განცხადების ეს მონაკვეთი ექსპერტების ერთ ნაწილს უჩენს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ, მინიმუმ, საბანაძის მუშაობა სათანადოდ არ იქნა დაფასებული. ეს ვერსია, თავის მხრივ, ეხმიანება ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასაც იმის თაობაზე, რომ პოსტიდან ელჩი საქართველოს მთავრობასთან კონფლიქტის გამო გადადგა. ამ ინფორმაციის თანახმად, პრემიერმა ელჩს პასუხი მოსთხოვა იმის გამო, რომ მას არ აცნობა გარკვეული ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურებში სავარაუდოდ არსებული დაპირისპირების შესახებ.

ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბრიუსელში ვიზიტის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა და სწორედ ნატალია საბანაძე შეარჩია განტევების ვაცად.

„არ გამოვრიცხავ, რომ ნატალია საბანაძე ფლობდეს „ქართული ოცნებისთვის“ უსიამოვნო ინფორმაციას - თუ როგორ შეიძლება შეფასდეს თბილისში გამართული პოლიტიკური დიალოგის პროცესი (ბრიუსელის მიერ)... თუმცა ახლაც, ხელისუფლება თავისთავად უკმაყოფილო იქნება იმით, რომ მისთვის სასურველი პოზიციები არ გამოხატა კრისტიან დანიელსონმა და არც შარლ მიშელმა.

ხელისუფლებას, ცხადია, ერჩივნა სათავისოდ და მარტივად გადაწყვეტილიყო სტატუს-კვოს საკითხი და ნაკლები ინტერპრეტაციის საშუალება მისცემოდა ოპოზიციას. დანიელსონს ხელისუფლებისთვის სასარგებლო განცხადება რომ გაეკეთებინა, „ქართული ოცნება“ კომფორტის რეჟიმში აღმოჩნდებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდიამ.

გადამდგარმა ელჩმა, ნატალია საბანაძემ ტვიტერზე დღეს დაწერა, რომ მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს, რადგან, მისი შეფასებით - საქართველო ვერ შეძლებს გახანგრძლივებული კრიზისის გადატანას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG