Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გაჩნდა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გამოიკვეთა, თუმცა ეს არ არის ნახტომისებური ზრდა:

„დღეს 21 000 ტესტზე არის 528 ახალი შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2,53 პროცენტზე მთლიანად ქვეყანაში, თუმცა შვიდდღიანში და თოთხმეტდღიან დადებითობის მაჩვენებელში ჯერჯერობით გვაქვს სტაბილური. ოდნავ იმატებს შვიდდღიანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობაც, თუმცა პოზიტიურია დინამიკა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით. „4 გარდაცვალება გვაქვს, რაც ყველაზე მცირეა ნოემბრიდან დღემდე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ მარტს და აპრილს ქვეყანა არსებული ეპიდსიტუაციით გაივლის, დიდი ალბათობით, მესამე ტალღას აცდება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ დაავადებათა შემთხვევების ზრდის ტენდენციის შემთხვევაში, გარკვეული გამკაცრებები მოსალოდნელია:

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი, ის, რაც დაწესებულია და შემდეგ ვიფიქროთ უკვე სხვა საკითხებზე. მაგრამ ეს 500 შემთხვევა იქნება, 300, 400 თუ ასე შემდეგ და ცოტა მეტიც, ჯანდაცვის სექტორისთვის არ არის დიდი ზეწოლა. ამას გაუძლებს, მაგრამ არ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაგვიუარესდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 20 903 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 528 შემთხვევა. ყველაზე მეტი - 265 თბილისში. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 4 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 278 178 შემთხვევა. მათგან 270 668 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3714 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG