Accessibility links

site logo site logo

მეწყერი ცურდება - ქალაქმა ისევ არ იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა


მეცნიერების აზრით, ლისის ტბის ფერდზე მოწყვეტილი მასა დღე-ღამეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით ცურდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნაპრალი ღრმავდება. მოსახლეობა ვაშლიჯვრის დასახლებაში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.

ქალაქის მერიამ უცხოელი ექსპერტები მოიწვია, რომლებიც უკვე სწავლობენ ტერიტორიას, პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს.

  • რა მისიით ჩამოვიდნენ თბილისში გერმანელი სპეციალისტები?
  • რას ითხოვს მოსახლეობა?
  • რას ამბობენ დამოუკიდებელი სპეციალისტები?

გუშინ, 22 მარტს, თბილისში ორი გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი ჩამოვიდა. დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გეოლოგები პირველ დღეს 2 საათის განმავლობაში ადგილზე სწავლობდნენ ვითარებას, შემდეგ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და გააგრძელებენ კვლევას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„ჩვენ ვიცით, რომ ყველა მეწყერი უნიკალურია, როგორც ორგანიზმი. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზეც და თქვენმა ექსპერტებმა გასული დღეებისა და კვირების განმავლობაში სწორად აღწერეს ეს. რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ გუშინ ადგილზე ვიყავი 2 საათის განმავლობაში და მაქვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება ჩემს კოლეგასთან ერთად”, - თქვა დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე პეტერ ნიუმანმა.

გერმანელი მეცნიერები, კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი, მიუნხენში სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს [Baugeologisches Büro Bauer] წარმომადგენლები არიან. კომპანიის ინჟინერ-გეოლოგებს, ჰიდროგეოლოგებსა და გეოტექნიკოსებს პროექტების უმეტესობა ავსტრიასა და გერმანიაში აქვთ განხორციელებული, რამდენიმე - ჩინეთსა და ინდოეთში. კომპანიის ოფიციალურ საიტზე საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. მერია ამბობს, რომ ამ ჯგუფთან წინა წლებში უკვე თანამშრომლობდნენ, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრის პრობლემის გადაჭრაზე და 2005 წლის 13 ივნისის შემდეგ დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის განახლების სამუშაოებზე. გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტს ვერეს ხეობაში - მაშინ უცხოელი სპეციალისტები სწორედ ამ ინსტიტუტის მონაცემებსა და კვლევებს ეყრდნობოდა დასკვნების მოსამზადებლად.

ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, რა ამოცანას უსახავს თბილისის მთავრობა უცხოელ ინჟინერ-გეოლოგებს: მეწყერული სხეულის კვლევას თუ საინჟინრო გადაწყვეტის შემუშავებასაც. ქალაქმა უნდა მოიფიქროს, როგორ ჩამოშალოს მიწის ნაწილი ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას მოსახლეობას და მეწყრის ძირში ახლად გაჭრილ, 15 მილიონის ღირებულების ოთხზოლიან გზას.

„ეს კომპლექსური საკითხია და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. ზოგადად გეოლოგიური მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. ასე რომ, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა პროცესები მიმდინარეობს და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული ზომები მის წინააღმდეგ. შეჯამებისთვის, უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიღებულია, მათ შორის, მოძრაობის ბლოკირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია და უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვართ შესაძლო მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზაში”, - პეტერ ნიუმანი აზუსტებს, რომ გასამაგრებელი სამუშაოები უნდა დაიგეგმოს იმის შესაბამისად, რა სურათს აჩვენებს უწყვეტი გეოლოგიური კვლევები და დაკვირვება.

თბილისის მერიის ცნობით, მეწყრული სხეულის გააქტიურების დღიდან, კვლევებში ჩართულია როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე კერძო კომპანიები, მაგალითად, „კავკასუს როუდ პროჯექტი”. როგორც მერიაში ამბობენ, მათ მიერ ამ დროის განმავლობაში ჩატარებული კვლევები გერმანელ სპეციალისტებს უკვე გადაეცათ, მაგრამ პირველადი დასკვნების გასაჯაროება ჯერჯერობით არ იგეგმება. უცნობია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობაც, რომლებიც მერიის ინიციატივით სწავლობენ პროცესს.

„მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება მიმდებარე ლოკაციებთან დაკავშირებით”, - ზოგადად ამბობს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, და არ აზუსტებს, რა ტექნოლოგიებით და პარამეტრებით იკვლევს ხელისუფლება პროცესების ლისის ქედზე.

ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით ადგილზე შეცვლილი სურათის ანალიზით, დღეს დილით, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ თქვა, რომ მეწყრული სხეული დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს. მეცნიერების ჯგუფმა გაზომა მეწყრის სიჩქარე, მაგრამ წინ აქვთ მეწყრის აჩქარების ტემპის დადგენა - ამ პროცესისთვის საჭირო აპარატურა ინსტიტუტს არ გააჩნია და ეცდებიან, მათ ხელთ არსებული რესურსებით მიახლოებით მაინც განსაზღვრონ ეს პარამეტრი, რაც შესაძლო სცენარების შესამუშავებლად მნიშვნელოვანია.

დილას გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ადგილზე ასულ მეცნიერს სურათი მოსალოდნელზე მეტად სახეშეცვლილი დახვდა - გაჩნდა ეჭვი, რომ გუშინდელმა წვიმამ მიწის დაცურება დააჩქარა.

„აუცილებლად უნდა მოხდეს მეწყრის ტანის შეფასება მთლიანად, მივდივართ იმით, რაც გვაქვს, ამ მასაზეა დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება. თუ პატარა მასაა, შესაძლებელია მისი რეგულაცია. აუცილებელია გეოფიზიკური ტექნოლოგიებით მისი მონიტორინგი ყოველდღე”, - ამბობს თეა გოდოლაძე. მისმა ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ ყველაზე ღრმა ნაპრალის სიღრმე 18 მეტრამდეა, მეწყრული სხეულის მასა კი აღემატება 500 000 კუბურ მეტრს. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტის ჯგუფს კონსულტაციები აქვთ ამერიკელ კოლეგებთან და მზად არიან, ითანამშრომლონ გერმანელ ექსპერტებთანაც.

მეცნიერის დასკვნას, რომ ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა, რომელიც მიმდებარე მშენებლობებმა, გზის ჩაჭრამ და ვიბრაციებმა გამოიწვია, არ იზიარებს თბილისის მერია და, შესაბამისად, ამბობს, რომ არც გზის და არც სხვა სახის მშენებლობები არ უნდა გაჩერდეს.

„მეწყერულ არეალებში კი არა, ზღვებში აშენებენ შენობებს; ტექნოლოგიურად ყველაფერი შესაძლებელია”, - თქვა 22 მარტს ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით შემდეგი სამუშაო ჯგუფი ორ დღეში უნდა შეიკრიბოს. ამ ჯგუფის შემადგენლობაში, გარდა მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისა, არიან გარემოს ეროვნული სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ დროისთვის გაურკვეველი ვადით არის გადაკეტილი მეწყრული სხეულის ქვემოთ მაჭავარიანის ქუჩის მონაკვეთი. წვიმიან ამინდებში შეჩერდება სამშენებლო სამუშაოებიც. თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ვიბრაცია და ავდარი მდგომარეობის გაუარესებას დააჩქარებს და ყველანაირი სამუშაო, სანამ იქ საფრთხე არსებობს, უნდა გაჩერდეს. მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს პეტიციაზე, სადაც ითხოვენ მორატორიუმის გამოცხადებას ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემის შეჩერებას. ხალხი ითხოვს სამუშაო ჯგუფში ჩართვას და საჯარო განხილვებს, ასევე ვაშლიჯვრის უბნის სრულ გეოლოგიურ ანალიზს, რომელიც საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.









დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG