Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებების ერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს? 


23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

სხდომას ხელმძღვანელობდა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.

მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

მოხსენებების შემდეგ კენტმა და მაკდონალდმა სენატორების შეკითხვებს უპასუხეს.

ჯინ შაჰინი ჯორჯ კენტს შეეკითხა, რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს აშშ იმ ბრალდებების გამო, რასაც ბიძინა ივანიშვილს უყენებდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ის ახლოსაა რუსეთთან და რუსეთისგან იღებდა დავალებებს, რასაც ივანიშვილი უარყოფდა და "ქართული ოცნება" დღემდე უარყოფს, მაგრამ „თავისუფალია "ქართული ოცნება" საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში, მოგვარდეს მიმდინარე კრიზისი და ხომ არ აგრძელებს ის ჩიხურ ვითარებას, ვინაიდან ეს რუსეთს აძლევს ხელს?“ - იკითხა სენატორმა.

კენტმა განაცხადა, რომ „შეცდომა არ იქნებოდა იმის თქმა“, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. „ჩემი აზრით, სრულიად ნათელია, რომ ეს არა მხოლოდ ქართველების სამი მეოთხედის არჩევანია, არამედ ეს თანმიმდევრულად იყო ‘ქართული ოცნების’ მთავრობების არჩეული მიმართულებაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით - ივანიშვილის ოფიციალურ რანგში, როგორც პრემიერ-მინისტრისა, და არაოფიციალურ რანგში, როგორც დამფუძნებლისა".

ჯორჯ კენტის თქმით, როდესაც უსმენენ ქართველებს, ახალი პრემიერ მინისტრის ჩათვლით, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო, ჩანს საქართველოს არჩეული გზისადმი და სტრატეგიული მიზნისადმი მათი ერთგულება, მაგრამ, „ამ მოსმენის ყურადღების ცენტრში ისაა, რამდენად ერთგული არიან ისინი იმ ღირებულებებისა, რომლებიც წაიყვანს ამ გზაზე, ვინაიდან ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, არამედ ესაა თანამეგობრობა, რომელშიც საერთო ღირებულებები აქვთ.“

სენატორ ვან ჰოლენის შეკითხვაზე, "როგორ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური ჩიხის პრობლემა, ვინაიდან სტატუს კვოს კარგად იყენებს რუსეთი, მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და გაათავისუფლოს ნიკა მელია, თუ ოპოზიციამ უნდა თქვას უარი რიგგარეშე არჩევნებზე, თუ ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს, და რა როლი შეუძლია აშშ-ს შეასრულოს?"- ჯორჯ კენტმა უპასუხა, რომ აშშ-ს შეუძლია მესიჯის გაგზავნა, მათ შორის ამ მოსმენით და "თქვენს კითხვაში გაჟღერებული გზავნილითაც, ჩვენი მეგობრებისადმი მთელ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებათა ოთახში და შეთანხმდნენ".

კენტის თქმით, აშშ უკვე არის იმ ოთახში: "იქ არის ჩვენი ელჩი, ევროკავშირის მედიატორი დანიელსონი დაბრუნდება... ჩვენ ვცდილობთ ქართველების დაახლოვებას; ორივე მხარე ჩვენგან მოელის, რომ დავიყოლიებთ მეორე მხარეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავარწმუნოთ და მივაწვეთ, ისინი უნდა დაეპატრონონ პროცესს. ისინი არიან ვინც ვალდებულება უნდა აიღონ და შედეგები დადონ."

კენტის განცხადებით, უფრო მეტი სივრცეა შეთანხმებისთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, პარლამენტში ძალთა გადანაწილებისა და სხვა საკითხების გარშემო, ვიდრე პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების თაობაზე, მაგრამ "მხარეები უნდა დაჯდნენ მაგიდასთან და მოილაპარაკონ".

სენატორმა კრის მერფიმ მომხსენებლებს ჰკითხა აშშ-ის მხრიდან დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, ასევე რუსეთის დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის გავლენაზე.

ჯორჯ კენტის აზრით, განათლებაში, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვაგან მიღწეული გაუმჯობესების მიუხედავად, დემოკრატიის სფეროში ბევრია გასაკეთებელი.

სახელმიწფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდმა ილაპარაკა აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე, მათ შორის თავისუფალი მედიისადმი, რადგან თავისუფალი მედია არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვხედავთ საუკეთესო შესაძლებლობას წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას და მცდარ ინფორმაციას."- თქვა კარა მაკდონალდმა.

მან სენატორ რონ ჯონსონის კითხვაზე, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ, უპასუხა, რომ აშშ-ის დამხარება საქართველოსადმი მიმართულია პლატფორმებსა და საკითხებზე დაფუძნებული პარტიების გაძლიერებისკენ და არა პიროვნებების გარშემო გაერთიანებებზე, ვინაიდან ასეთი პარტიებით იქმნება კოალიციები და ასე ხდება იმ საკითხების გარშემო ერთობის მიღწევა, რაც მათ ამომრჩევლებს აინტერესებთ. კარა მაკდონალდმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან მნიშვნელოვანია ზეწოლა საქართველოზე, რათა მოხდეს საარჩევნო სისტემისა და სასამართლოს ძირეული რეფორმირება.

რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად.

"დავის გადაჭრა მარტივი არ არის, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, არავის შეუძლია მათი იძულება. ორივე პარტია ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაატარებს მათ ნებას ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს... მათზე, ამ პარტიებზეა ყველაფერი დამოკიდებული"- განაცხადა რონ ჯონსონმა.

სხდომის დასასრულს სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, დაეთანხმა რონ ჯონსონის შეთავაზებას რეზოლუციის შესახებ, რომელიც მხარეებს შეთანხმებისა და კრიზისის დაძლევისკენ მოუწოდებს.

მოსმენისას, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, ასევე დაისვა შეკითხვები საქართველოსადმი ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობის, რეგიონული უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის გავლენის და ამერიკის როლის შესახებ. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს, როგორც სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორისადმი. მოსმენისას ხშირად აღინიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისით რუსეთი სარგებლობს.

"საქართველოში ახლა შექმნილი ჩიხური ვითარების გამო ერთდერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი საზრდოობს არეულობით და ქაოსით, და ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, რუსეთის გამარჯვებაა“, თქვა ჯინ შაჰინმა, რომელიც ჯეიმს რიშთან ერთად საქართველოს საკითხზე საკომიტეტო მოსმენის ერთერთი ინიციატორი იყო.

„ქართული ოცნებას’ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და კარებს უხსნის რუსეთს"- განაცხადა სენატორმა რიშმა.

თბილისში "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროკავშირის მედიაციითა და ასევე აშშ-ის ელჩის მონაწილებით მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შემდეგ განახლდება.

ასევე ნახეთ:

ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტისადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა

ჯეიმს რიში: კრიზისზე ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა„ქართულ ოცნებას“ ეკისრება

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა

ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG