Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ადვოკატები იტყობინებიან, რომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა


ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ადვოკატები იტყობინებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ნავალნი ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში იხდის სასჯელს.

ადვოკატების, ოლგა მიხაილოვასა და ვადიმ კობზევის თქმით, გასული კვირის ბოლოს შემდეგ ნავალნის ზურგის ძლიერი ტკივილები აქვს. გარდა ამისა, ის ჩივის, რომ ფეხი ერთმევა. ამასთან, ადვოკატების თანახმად, ნავალნის აქამდე მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ორი აბი მისცეს.

ოთხშაბათს ნავალნის ადვოკატები არ შეუშვეს ოპოზიციონერთან. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ ეს „რეჟიმული ღონისძიებებით“ ახსნა. ნავალნის გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნავალნის დაპატიმრების შემდეგ მასთან არ დაუშვეს ადვოკატები. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის ჰოსპიტალიზებული იყო, მაგრამ კოლონიის ადმინისტრაცია ამას მალავდეს.

2020 წლის ზაფხულში ნავალნი ციმბირში მგზავრობისას მოწამლეს. ის და მისი თანამებრძოლები დარწმუნებული არიან, რომ მასზე თავდასხმა ხელისუფლების მოწყობილი იყო. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას.

ამჟამად ნავალნი პოკროვის კოლონიაში იხდის სასჯელს მას შემდეგ, რაც თებერვალში მოსკოვის სასამართლომ მას ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა 2013 წლის საქმის გამო.

ზამთარში რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ნავალნის მხარდამჭერი მრავალათასიანი დემონსტრაციები. ამის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორმოცზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაპატიმრებული არიან უახლოესი თანამებრძოლები, მათ შორის - მისი ძმა.

XS
SM
MD
LG