Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი


ცხინვალი

კავკასიონზე თოვლისა და ქარბუქის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, ჩრდილოეთ პორტალი-ჯავა დაზიანდა. ამის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიწოდება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ამავე დროს ჩაკეტილია რუსეთთან დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური მაგისტრალი. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, მუშაობა შეწყვიტეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის, საბავშვო ბაღებმა.

ცხინვალის ენერგოკომპანიის წარმომადგენლები გადამცემი ხაზის დაზიანებულ მონაკვეთს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მთაში ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებლად თოვს, რაც გადამცემ ხაზთან მიახლოებას ართულებს. ენერგოკომპანიის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ცხინვალის რეგიონისთვის.

დე ფაქტო ხელისუფლებამ დიზელ-გენერატორები ჩართო ცენტრალურ საავადმყოფოსა და პურკომბინატში. შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გენადი ბეკოევმა. მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური და ბრიგადა ახლა მობილიზებულია გადამცემი ხაზის დაზიანებულ მონაკვეთს ეძებს.

„ვგეგმავთ უახლოეს ორ დღეში მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ზუსტი დროის თქმა არ შეგვიძლია. რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმის გამო შეწყდა, რომ რთულად მისადგომ ადგილზე ელექტროგადამცემი ხაზი გაწყდა“, - აღნიშნა მან. ბეკოევის თქმით, აუცილებელია რუსეთიდან სარეზერვო ხაზის მშენებლობა როკის გვირაბის გავლით და ამ პროექტზე მუშაობა წელს დაიწყება. მისი აზრით, სარეზერვო ელექტროხაზი ელექტროენერგიის პრობლემას საბოლოოდ მოხსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG