Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირების ინიციატივა აქვთ


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს განაცხადეს, რომ დარეგისტრირდება საკონსტიტუტციო ცვლილების ინიციტივა, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი შემცირდეს 5-დან 3%-მდე.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც განიხილება დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.

პაპუაშვილის თანახმად, საარჩევნო რეფორმა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება იყო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და მას ეხებოდა მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა და შემდეგ „ევროპელი სოციალისტებიც“ შეუერთდნენ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად ინიცირებული რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, საარჩევნო ბარიერის შესამცირებლად საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებით კი, შესრულდება მემორანდუმის ბოლო პირობაც.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა, დღევანდელი მდგომარეობით კი მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს: „შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება“.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიანი პარლამენტის მანდატები მოიპოვა 9 საარჩევნო სუბიექტმა. მათგან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობენ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატი, "მოქალაქეების" 2 და "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული 4 წევრი, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები" დაირქვეს.

მანდატებს ოფიციალურად ინარჩუნებენ, თუმცა, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია". მათ ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG