Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 1 მაისამდე ვადაში რთული იქნება ავღანეთიდან ჯარის გაყვანა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 მარტს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აპირებს სამხედრო ძალის დიდი ხნით დატოვებას ავღანეთში. ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ რთული იქნება სამხედრო დანაყოფების გაყვანა 1 მაისამდე ვადაში.

პრეზიდენტის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2022 წელსაც დარჩნენ,- პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ „მას ეს ვერ წარმოუდგენია“.

ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ამჟამად, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი იმყოფება. ამ კონტინგენტის მეოთხედს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები შეადგენს. ქვედანაყოფის სიდიდით კოალიციურ ძალებში საქართველო მეოთხე ადგილზეა 870 სამხედრო მოსამსახურით.

2020 წლის თებერვალში ყატარის დედაქალქ დოჰაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და თალიბანის დელეგაციას შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ავღანეთის დასატოვებლად საერთაშორისო კოალიციური ძალები მზად უნდა იყვნენ 2021 წლის 1 მაისისთვის.

23 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საკითხი ღიაა და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გაგრძელება მოკავშირეებს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ავღანეთი აღარასოდეს გადაიქცევა ტერორისტების თავშესაფრად და კოალიციური ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს ნატოს შიგნით სრული კონსენსუსის დაცვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG