Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა


კლდოვანი მასა ჩამოწვა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ სავტომობილო გზაზე. მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა, ლაშა პაკელიანმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ გზა ჩახერგილია სოფელ დიზთან. სავარაუდოა, რომ მეწყერი უხვმა ნალექმა გამოწვია. მესტიის მუნიციპალიტეტში კვირაზე მეტია წვიმს.

ლაშა პაკელიანის ინფორმაციით, ფაქტი შეატყობინეს მესტიის მერიას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს. „საკმაოდ დიდი ზომის ქვებია ჩამოწოლილი და მგონია, რომ გზას დღეისთვის ვერ გახსნიან“, - ამბობს ლაშა პაკელიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გზის გასაწმენდად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ჩამოშლილი მასის მოცულობიდან გამომდინარე მერიც ფიქრობს, რომ დღის განმავლობაში გზა ვერ გაიხსნება: „დიდი ზომის ლოდებია და ამას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, ყველანაირი იქ ვერ იმუშავებს. ტექნიკა უკვე მობილიზებულია და დაიწყებენ სამუშაოებს“.

ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან სვანეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ სოფელ ხაიშამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG