Accessibility links

site logo site logo

ახალციხელი ექთნის გარდაცვალება შესაძლოა ვაქცინაციას არ უკავშირდებოდეს, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „გარკვეულ წინასწარ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა ახალციხელი ექთნის გარდაცვალების გამომწვევი პირდაპირი მიზეზი არ ყოფილა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან საუბარში გააკეთა გურიაში ყოფნისას.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეოებით მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენი მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ გაიზრდება მნიშვნელოვნად და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე სიტყვებით, 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში ერთობლივი კომისია, წარმოდგენილ დასკვნას განიხილავს.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG