Accessibility links

site logo site logo

სოლიდარობა იდიოტების სამყაროში


"ნახვამდის, სულელებო" (2020, "Adieu les cons", რეჟისორი ალბერ დიუპონტელი, საფრანგეთი)

მარტის დასაწყისში პარიზში, საკონცერტო დარბაზ "ოლიმპიაში", პანდემიით გამოწვეული ყველა შეზღუდვის მკაცრი დაცვით, საფრანგეთის კინოაკადემიის პრემიის, "სეზარის", 46-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ორგანიზატორებმა წინასწარ იცოდნენ, რომ შოუს მთავარ დამფინანსებელს, კერძო ტელეკომპანია "Canal +"-ს, კინოვარსკვლავების სახეებით ვერ მოხიბლავდნენ - დარბაზი პირბადეებით იყო "შენიღბული" და პოპულარულ არტისტებს თვალებით თუ ამოიცნობდა ტელემაყურებელი. ამიტომ "ოლიმპიაში" მობრძანებულ კინოაკადემიკოსთა სახეების ნაცვლად ვიხილეთ გრძელი ნაწყვეტები ნომინირებული ფილმებიდან და 2020 წელს გარდაცვლილი ფრანგი კინემატოგრაფისტებისადმი მიძღვნილი კინოკოლაჟები. კოვიდით გარდაცვლილი სცენარისტების, რეჟისორების, მსახიობების, გამნათებლების მოგონებას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო. შესაბამისად, "სეზარის" ცერემონიალი არ გამოვიდა ისეთი მხიარული, როგორიც სხვა დროს, იმის მიუხედავად, რომ სცენაზე გამოსული პოპულარული არტისტები (აქ უკვე უნიღბოდ!) მაქსიმალურად ცდილობდნენ როგორმე გაემხიარულებინათ პუბლიკა (უნდა ვაღიარო, რომ არც ისე დახვეწილი იუმორით).

ეს განწყობა - ზეიმის მოთხოვნილება და, ამავე დროს, კოვიდით გამოწვეული ღრმა დეპრესია, ფაქტობრივად, გლოვა მეგობრებისა და კოლეგების გარდაცვალების გამო - თავისებურად აისახა კიდეც ფილმში, რომლის ავტორმა, აქამდე ცნობილმა, როგორც საშუალო ნიჭის არტისტმა და რეჟისორმა, ალბერ დიუპონტელმა, შეიძლება ითქვას, ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა: მისი სურათი "ნახვადის, სულელებო" (ალბათ, უკეთესია ითარგმნოს, როგორც "მშვიდობით, სულელებო", ანდა "კარგად მეყოლეთ, სულელებო"), არც მეტი არც ნაკლები, 7 "სეზარით" აღინიშნა, მათ შორის მთავარი პრიზებით - საუკეთესო რეჟისურისთვის და როგორც წლის საუკეთესო ფილმი. დაჯილდოების ცერემონიალის სანახაობრივ მხარეზე იმანაც იმოქმედა, რომ ფილმის ავტორი იმ საღამოს დარბაზში არ იმყოფებოდა, ამიტომ "სეზარის", უფრო სწორად, "სეზარების" მისაღებად სცენაზე ასვლა მის პროდიუსერს მოუხდა. არაერთხელ!

პირბადიანი კინოაკადემიკოსების განწყობა ერთგვარად აირეკლა გამარჯვებულმა ფილმმა - სევდიანმა ზღაპარმა 43 წლის ქალზე, სურათის პირველივე ეპიზოდში რომ შეიტყობს თავისი სასიკვდილო სენის შესახებ. "რამდენი დრო დამრჩა?" - ეკითხება ის ექიმს, რომელიც, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ უპასუხებს: "გააჩნია, რას ვუწოდებთ დროს!"... რა უნდა გააკეთოს ამ დროს მარტოხელა ქალმა, რომელიც 40-ს გადასცდა უკვე? ბედს შეურიგდეს? თავი მოიკლას? იბრძოლოს? არა, სურათის გმირი სხვა გზას ირჩევს - თავისი შვილის ძებნას იწყებს: ბავშვი მან 15 წლის ასაკში გააჩინა. ვინაიდან სრულწლოვანი არ იყო, მშობლებმა აიძულეს უარი ეთქვა დედობაზე და ბავშვი სახელმწიფოს გადასცეს. ცხადია, სასიკვდილო სენთან ასეთი გზით ბრძოლა ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისევე როგორც ორი ასევე მარტოხელა და სასოწარკვეთილი მამაკაცი, ახალი პერსონაჟები, რომლებიც მალევე გამოჩნდებიან სურათის მთავარი გმირის ცხოვრებაში და დახმარებას შესთავაზებენ (ერთ-ერთი, კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის როლს ფილმის რეჟისორი ასრულებს, უანგაროდ სულაც არ ეხმარება - მას პოლიციასთან პრობლემები აქვს და მოწმე სჭირდება). ხელოვნურია ეს ყველაფერი და, მართლაც, მხოლოდ "ცოტა არ იყოს" სასაცილო. მაგრამ ფაქტია, მაყურებელი სწრაფად იზიარებს დიუპონტელის თამაშის წესს, ერთვება მთავარი გმირის სრულიად აბსურდულ მოგზაურობაში და მისი გულშემატკივარი ხდება. უფრო მეტიც, ფილმის რამდენიმე სცენაზე შეიძლება თვალზე ცრემლიც მოგადგეთ. მაშინაც კი, თუ ალბერ დიუპონტელის სურათს სინეფილის მზერით უყურებთ, ციტატებით ერთობით კინოს ისტორიიდან, რენე კლერის, ჟან რენუარის, ჟაკ ტატის, ბილი უაილდერის გავლენას ხედავთ, "ბონი და კლაიდს", "ბრაზილიას" იხსენებთ (დიუპონტელს, დიდი ხანია, "ფრანგი ტერი გილიამი" შეარქვეს)... ამ შემთხვევაშიც აგიჩუყებთ ფილმი გულს.

თუმცა "ნახვამდის, სულელებო" მხოლოდ გრძნობებზე არ მოქმედებს. მიუხედავად ფილმის უხეში, ტლანქი იუმორისა, რიტმის მუდმივი ჩავარდნებისა, ხანდახან, უბრალოდ, მომაბეზრებელი წაფენებისა ("სეზარი", სხვათა შორის, სურათის ოპერატორსაც გადასცეს), დიუპონტელმა ძალიან "ჭკვიანი" ფილმი გადაიღო. და ამას მაშინ გააცნობიერებთ, როცა უბრალო ბურლესკი ავტორის სერიოზულ მსჯელობაში გადაიზრდება - ფიქრში ჩვენს ციფრულ მომავალზე.

"რატომ არ იმყოფებით ციფრულ ფორმატში?" - ეკითხებიან ერთ სცენაში ფილმის გმირს. ამ კითხვაზე გაგეცინებათ, თუმცა მაშინვე გაიაზრებთ, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე, სწორედ ციფრულ ფორმატშია გადაყვანილი - ხალხს, უბრალოდ, დაკარგული აქვს ხელნაწერების კითხვის უნარი და ის, რაც ხელითაა დაწერილი, ის, რაშიც ადამიანის ინდივიდუალობა აღიბეჭდება, რაღაც უცხოდ, ჩამორჩენილად, ველურად ითვლება.

ერთ ეპიზოდში უსინათლო არქივარიუსი, რომელიც ფილმის მთავარ გმირს შვილის მოძებნაში ეხმარება, მანქანის ნავიგატორის როლს ასრულებს, უმტკიცებს, კარგად ვიცი ეს უბანიო, კაფეებზე, პარკებსა და სკვერებზე ელაპარაკება. მაგრამ აღმოჩნდება, რომ გარემო შეიცვალა. ახლა აქ ბეტონის კედლები და უზარმაზარი სავაჭრო მოლებია.. ეს ჩვენი მომავალია. "ციფრული ქალაქი", სადაც დრო გაჩერებულია. "გააჩნია, რას ვუწოდებთ დროსო", ხომ თქვა ექიმმა ფილმის დასაწყისში? ამასაც გულისხმობდა, ალბათ. იქ, სადაც ცოცხალი მოკლეს და მანქანად აქციეს, დროს აღარ აქვს მნიშვნელობა. დრო იქაა, სადაც სიცოცხლეა.

"გქონდეს სამუშაო სულელების სამყაროში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებას მიაღწიე ცხოვრებაში" - იტყვის ფილმის ერთ-ერთი გმირი. მანდ ხვდები, რომ ეს შერეკილები არ არიან სულელები, რომლებსაც ემშვიდობება ფილმის ავტორი. არა, სულელები სხვები არიან, ყველა დანარჩენი - ის ხალხი, ვინც ამ მექანიზებულ, უსახო, სტანდარტულ სამყაროს ქმნის... დისკრიმინაციულ სამყაროს, საიდანაც განიდევნება ყველა, ვინც ვერ ჯდება საყოველთაო სტანდარტში, განიდევნებიან მარტოხელები, მოხუცები, ავადმყოფები, იმიტომ რომ ისინი "ციფრულ ფორმატში არ იმყოფებიან". აქ ბედნიერად გრძნობს თავს მხოლოდ ერთი პერსონაჟი, ყოფილი ექიმი-გინეკოლოგი, რომელსაც დემენცია აქვს. სხვებს ბედი არ სწყალობთ. ერთადერთი იმედი ისაა, რომ ამ ავტომატიზებულ აპოკალიფსში კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც გადარჩნენ შერეკილები. ერთადერთი იმედი ისაა, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს, მათში არ ჩამკვდარა სოლიდარობის უნარი.

აი, ამ ხალხისთვის, მათი გადარჩენისთვის იბრძვის ალბერ დიუპონტელი. იბრძვის და ემშვიდობება მანქანად გადაქცეულ სულელებს. "კარგად მეყოლეთ, სულელებო! თქვენ მაინც ვერასდროს გაიგებთ, რისთვის გაჩნდით ამ ქვეყანაზე!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG