Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში წუხელ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, წუხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს „მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მუხლით“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, სამინისტროს პრესმდივნის, ოლგა ჩემოდონოვას, ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით.

წუხელ მინსკსა და სხვა ქალაქებში ადამიანებმა შეკრება დაიწყეს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებული „ღირსების დღის“ აღსანიშნავად. მაგრამ ხელისუფლებამ ჭარბი საპოლიციო ძალებით მოახერხა აქციის პრევენცია და სწრაფად დააკავა მცირე ჯგუფებად შეკრებილი ადამიანები.

მათ შორის იყო ორი ჟურნალისტი, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. ისინი მოგვიანებით პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.

წინა დღით ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ლიეტუვიდან მოუწოდა ბელარუსის მოსახლეობას, დაიწყონ საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები ცნობენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის გარემოცვას.

XS
SM
MD
LG