Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრი: ვიმეორებ, მაქვს სურვილი, მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი


"კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ანიტა რაჭველიშვილს, მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ მათ ხელს ვერ შევუწყობთ", – თქვა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად კრიტიკული გამოხმაურებებისა, რაც მოჰყვა მის ფრაზას იმის შესახებ, რომ სისტემაში კრიტიკული აზრის მქონე პირებით დაინტერესდებოდა, აქვს სურვილი, მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს სურვილი, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან. ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, როგორიც, მაგალითად, მრავლად მოვისმინე პატივცემულ გიორგი სავანელისგან. მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების. რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნებისადმი“ ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მის განცხადებას წინ უსწრებდა ანიტა რაჭველიშვილის ღია წერილი, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ თეა წულუკიანი მინისტრობიდან უნდა გადადგეს და სანამ ის ამ პოზიციაზე იქნება, მეცო სოპრანო საქართველოში არ იმღერებს.

რეჟისორი გიორგი სავანელი, რომელიც მინისტრმა ახსენა, ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი და პროექტის "დღე, როცა ვერ მოკლეს ილია" ავტორია. პროექტი ყოველწლიურია და მისი უცვლელი ნაწილია ფეხით მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე [ესაა გზა, რა გზითაც უკანასკნელ გზაზე გააცილა ილია ქართველმა საზოგადოებამ].

გიორგი სავანელმა 2013 წელს ღია წერილით მიმართა მაშინდელ კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას და მის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს.

"ჩემი „ქართული ოცნება“ სამართლიანობა, ობიექტურობა და პროგრესი იყო. როგორც მახსოვს, თქვენიც… მოდით, ამ პირობას მივსდიოთ, ყველამ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. ვისაც რა შეუძლია, იმ საქმის კეთების საშუალება მიეცეს. არ მინდა გამტყუნდეს კიდევ ერთხელ „დიდი იმედები“… მე მინდა ამიხდეს ჩემი წილი „ქართული ოცნება“! - ასე სრულდებოდა წერილი, სადაც სავანელი თეატრებისთვის სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის პროცესის ხარვეზებზე საუბრობდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას თეა წულუკიანი 22 მარტიდან შეუდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG