Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში სკოლის მასწავლებელი გაკვეთილებს ჩამოაშორეს მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო


ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები
ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები

ბრიტანეთის ქალაქ ბატლიში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სკოლის წინ, სადაც მათი შვილები სწავლობენ და მოითხოვეს გათავისუფლება მასწავლებლისა, რომელმაც გაკვეთილზე ბავშვებს წინასწარმეტყველ მუჰამედის "უადგილო" გამოსახულება უჩვენა.

ისლამის მიხედვით, მუჰამედის გამოსახულების ჩვენება მკრეხელობაა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, გამოსახულების ჩვენებამ შეურაცხყო მთელი მუსლიმური თემი. მშობლები იმუქრებიან, რომ თავიანთ შვილებს სკოლიდან გაიყვანენ. ამის თაობაზე ბი-ბი-სი იტყობინება.

სასწავლებლის (ე.წ. grammar school) ხელმძღვანელობა იკვლევს მომხდარს. გამოძიების პერიოდში მასწავლებელი გაკვეთილებს ჩამოაშორეს. სკოლის დირექტორმა ბოდიში მოუხადა მშობლებს და აუხსნა, რომ რელიგიის სწავლება საჭიროა, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს.

ბრიტანეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მასწავლებლის მისამართით მუქარა მიუღებლად მიიჩნია. პანდემიის ფონზე საპროტესტო გამოსვლების მოწყობას მოხელემ დაუშვებელი უწოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ევროპულ სკოლებში, როცა მუჰამედის კარიკატურის ჩვენებას მოჰყვება მძაფრი რეაქცია მაჰმადიანებისგან. საფრანგეთში, შარშან შემოდგომაზე, გაკვეთილზე მუჰამედის კარიკატურის ჩვენების შემდეგ მოკლეს მასწავლებელი.

საფრანგეთმა ამის შემდეგ მიიღო კანონი რესპუბლიკის ფასეულობების დაცვის შესახებ, რომელიც ე.წ. ისლამური სეპარატიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კანონის მიმართ კრიტიკული ძალები თვლიან, რომ დოკუმენტი მაჰმადიანების სტიგმატიზებას ახდენს და ზღუდავს სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG