Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესების ოთხი წლისთავს ეხმაურება


28 მარტს, ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ოთხი წლისთავს სოციალურ ქსელ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც წერს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.

„საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა“ - წერს ზალკალიანი.

მინისტრის ინფორმაცით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ განახორციელა მილიონზე მეტი ვიზიტი.

„სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ ევროპაში მოკლევადიანი ვიზიტები, რაც გულისხმობს 90 დღის გამოყენებას - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს; უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG