Accessibility links

site logo site logo

ლევან ბეჟაშვილი: "კომპრომისი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება"


„დანიელსონის ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, პოზიციები დაახლოვდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ბრიფინგებზე განცხადებებს აკეთებს, რომელიც ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესის ობიექტურად წარმართვას“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ ბეჟაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველ პარტიას ეყოფა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და დასავლელ პარტნიორებს ისეთი დოკუმენტი შესთავაზოს, რომელიც განხილვადი იქნება.

„ოპოზიცია კომპრომისებზე წასასვლელად მზად ვართ, იმისთვის რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მოლაპარაკებების დროს ნებისმიერი კომპრომისი დამოკიდებულია იმაზე, რა წინადადებებს შემოგვთავაზებს ის მხარე, რომელსაც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა შეუძლია. კონკრეტულად რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და განსახილველად არ დაიდო ის დოკუმენტი, რომელიც ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც დღეს ქვეყანაშია“.

ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. მისი სიტყვებით, საზოგადოება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სწორედ ამიტომ ითხოვს.

„მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ნიკა მელია. ეს ორი საკითხი კრიზისის მთავარი განმსაზღვრელია, თუ ეს ორი საკითხი არ გადაიჭრა, მაშინ კრიზისიც არ ყოფილა და მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში. თუმცა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

წუხელ, გვიან ღამით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ისევ დაბრუნდა საქართველოში. ის თბილისში სამი დღე დარჩება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG