Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია მზად არის, მედიაციის პროცესში მხარეებს შეხვდეს


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ მედიაციის პროცესს ეხმაურება და გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.

მისი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე, რომლის წარმატებით დასრულებაც ქვეყანას ზემოაღნიშნულ მიზანთან დააახლოებს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა - ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს“, - წერს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარიას სიტყვებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. მისივე თქმით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა.

„სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG